რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარადგინა.
მიმდინარე წლის მთავარ მიღწევებად მინისტრმა სხვადასხვა მიმართულება და პროექტი დაასახელა, მათ შორის: 70 კმ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და 580 კმ გზის რეაბილიტაცია; ქუთაისი, ზუგდიდი და ჭიათურა პირველად გადავიდა 24-საათიან წყალმომარაგებაზე, ჯამში 322 ათასზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება; დასრულდა აბასთუმნის 18 ისტორიული სახლის, ობსერვატორიის, საბაგირო გზის რეაბილიტაცია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის და მცხეთის მუზეუმის მშენებლობა, თბილისის მზიურის პარკის, ასურეთში კი შვაბების ქუჩის სახლების და გერმანული ეკლესიის რეაბილიტაცია; აშენდა 20 ახალი სკოლა 1530 ბავშვისთვის, 17 საბავშვო ბაღი 1000-მდე ბავშვისთვის, გურჯაანისა და კასპის ინოვაციური ცენტრები; 500 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა ახალ აშენებულ კორპუსებში ზუგდიდსა და წყალტუბოში. წლის განმავლობაში, დაახლოებით 6000 პროექტზე მუშაობდა 1300-ზე მეტი კომპანია და 31 000 ადამიანი.
რიკოთის მაგისტრალური გზის სამ მონაკვეთზე 53 გვირაბიდან სამუშაოები მიმდინარეობს 39 გვირაბზე. უკვე გაიჭრა 5 გვირაბი, 96 ხიდიდან კი, სამუშაოები მიმდინარეობს 53 ხიდზე. რიკოთის სამუშაოებზე დასაქმებულია 3311 ადამიანი. აქედან, 1988 – საქართველოს მოქალაქე.
რაც შეეხება რეგიონული განვითარების პროექტებს, წელს ევროკავშირის და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით დაიწყო საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა (ჯამური ინვესტიციით 63 მლნ ევრო). პროგრამა მოიცავს კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.
აზიის განვითარების ბანკის „ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში მომზადდა თელავის, ზუგდიდის, ველისციხის, მესტიისა და უშგულის ურბანული განვითარების პროექტები. EBRD-ის მხარდაჭერით 6 ქალაქისთვის (გორი,ზუგდიდი, რუსთავი, ქუთაისი, თელავი, ფოთი) შესყიდული 175 ავტობუსიდან ქალაქებს უკვე გადაეცა 88 ავტობუსი. ლაგოდეხში, საგარეჯოში, დუშეთში, მარნეულში, ხაშურში, კასპსა და თერჯოლაში მოეწყო და რეაბილიტირდა მუნიციპალური ნაგავსაყრელები.
მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან დაფინანსდა 8.5 მილიონი ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის: აშენდა შატილის სკოლა-პანსიონი, მზის პანელები დაუმონტაჟდა 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახს, დასრულდა ფშავ-ხევსურეთის ინტერნეტიზაცია 500-ზე მეტი ოჯახისთვის.
სივრცითი მოწყობის მიმართულებით: შემუშავდა თელავის, სურამის და ზუგდიდის ქალაქთმშენებლობითი გეგმები, მუშავდება სტეფანწმინდის, გრიგოლეთის, მცხეთის გენგეგმები, მუშავდება ქუთაისისა და წყალტუბოს გენგეგმის კოცეფციები, დაწყებულია სიღნაღისა და მარნეულის სატრანსპორტო სქემის შემუშავება.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით, 360 მილიონი ლარით დაფინანსდა საგზაო, წყალმომარაგების და სხვა სახის 1 065 პროექტი, სადაც დასაქმებული იყო 16 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 40 მილიონი ლარით, 3140 სოფელში დაფინანსდა მოსახლეობის მიერ შერჩეული 4250 პროექტი.
პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად გადაჭარბებით სრულდება 2020 წლის ბიუჯეტი, რაც 166 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს არ შეჩერებულა არცერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი.
მაია ცქიტიშვილმა 2021 წლის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს დაიწყება თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, დამატებით დაიწყება წყალმომარაგება/წყალარინების პროექტები რამდენიმე ათეული დასახლებისთვის, დასრულდება 7020 ბავშვისთვის 41 სკოლის და 15 ბაღის მშენებლობა, იძულებით გადაადგილებული 1020 ოჯახი საცხოვრებელი სახლებს მიიღებს ზუგდიდსა და წყალტუბოში.