შესაძლებელია თუ არა საველე ჰოსპიტლების მოწყობა საქართველოში და არსებობს თუ არა რესურსი იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა კიდევ დამძიმდება

საველე ჰოსპიტლის გაშლის იდეა საქართველოში მას შემდეგ გაჩნდა, რაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ დღიურად 3000-ს გადააჭარბა და სერიოზულ პრობლემად იქცა საწოლფონის რაოდენობა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ იმასაც, რომ თბილისის სპორტის სასახლეში მოწყობილი სახელდახელო ჰოსპიტალი კრიზისიდან გამოიყვანდა სიტუაციას. რამდენად შესაძლებელია საველე ჰოსპიტლების მოწყობა საქართველოში და არსებობს თუ არა საამისო რესურსი იმ შემთვევაში, თუ მდგომარეობა კიდევ დამძიმდება, ,,კვირა“ სამხედრო ექიმს, ვიცეპოლკოვნიკ ლაშა ქოიავას ესაუბრა:

რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა, რომლებშიც აგრეთვე შეინიშნებოდა საწოლფონდის დეფიციტი, საველე ჰოსპიტლები მოაწყო.  აუცილებელია მსგავსი კარვების ფუნქციონირება  საქართველოშიც?

-ტყუილია, რომ ევროპაში საველე ჰოსპიტლები მოაწყვეს. საფრანგეთმა დადგა რამდენიმე კარავი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სწრაფი ტესტის გაკეთება სჭირდებოდა. შედარებით უფრო სერიოზული, პისიარ ტესტების ჩატარება მხოლოდ საავადმყოფოებშია შესაძლებელი, რადგან უსაფრთხოების დაცვა საველე პირობებში წარმოუდგენელია. ფაქტობრივად, ექიმს შიშველი ბიოლოგიური იარაღი უჭირავს ხელში, ვინმე თავზეხელაღებულმა რომ მოინდომოს და ასეთ კარავში შეიჭრეს, შეიძლება, მთელი ქალაქი ,,ააფეთქოს“ და დაასნებოვნოს.

ესე იგი, საველე ჰოსპიტლების საჭიროება საქარველოში არ გვაქვს?

-მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს კოვიდ კლინიკები და კოვიდ სასტუმროები, სპეციალურად ინფიცირებულთა განსათავსებლად. თუ დღეს საქართველოში  საწოლფონდის დეფიციტია, ესეც ხელოვნურადაა შექმნილი და  წინა ხელისუფლების დამანგრეველ, გაუაზრებელ პოლიტიკას უკავშირდება.

რას გულისხმობთ?

-თბილისის, რესპუბლიკური საავადმყოფოს განადგურებას, რომელიც, თავის დროზე, ამიერკავკასიის მთავარ ჰოსპიტლად იყო ჩაფიქრებული იმ შემთხვევაში, თუ ნატო-ს ბლოკის ქვეყნები, კერძოდ, თურქეთი თავს დაესხმებოდა საბჭოთა კავშირს.  რესპუბლიკური საავადმყოფო 600 საწოლზე იყო გათვლილი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, უპრობლემოდ გადაკეთდებოდა  3000 საწოლზე. ხელისუფლებაში სააკაშვილის  მოსვლისთანავე დაიწო რესპუბლიკური საავადმყოფოს ნგრევა. რამდენიმე სართულს მოხსნეს კიბეები და დაიწყეს მისი გადაკეთება, რომლის ბოლომდე მიყვანა შეუძლებელი გახდა. ვიღაც არაპროფესიონალმა უცხოურ ფილმებში ნახა, რომ სართულების თავზე 1 მეტრის დიამეტრის მილი უნდა დაემონტაჟებინათ ვენტილაციის მიზნით. პალატების ჭერის 1 მეტრით დადაბლება შეუძლებელი იყო, ამიტომაც გადაწვიტეს სართულების მოშლა, 2 სართულის ნაცვლად 1 სართულის გამოყვანა, თუმცა, არც ეს ჯდებოდა სტანდარტში, რადგან ძალზე მაღალი ჭერი გამოდიოდა. მოკლედ, ასე დაანგრია სააკაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფო, რომლის აღდგენა ძალიან ძნელი გახდა. 2007 წელს მივხვდი, რომ ქვეყანა ომისთვის ემზადებოდა და, როგორც სამხედრო ექიმმა, დავსვი კითხვა, რომელი დიდ საავადმყოფოს იმედად ვიწყებთ ომს-მეთქი და ღუდუშაურის კლინიკაზეო – გამომიცხადეს, სადაც მხოლოდ 200-პაციენტიანი საწოლფონდი იყო.

რაც შეეხება საველე ჰოსპიტალს, საჭიროების შეთხვევაში, მისი მოწყობა დიდ პრობლემას წარმოადგენს?

-ბაჩანა ახალაიას მუხლჩაუხრელი მოღვაწეობის შედეგად, დღეს საქართველოს საველე ჰოსპიტალი აღარ აქვს. 1993 წელს საველე ჰოსპიტალი პირველებმა მოაწყვეს გენერალმა რამიშვილმა და პოლკოვნიკმა ჯიჯეიშვილმა ოჩამჩირესთან. როდესაც დაჭრილების ევაკუაციის პრობლემა შეიქმნა და ოჩამჩირის საავადმყოფომდე ვეღარ მიგვყავდა, გზების გადაკვეთის ადგილას (და არა საავადმყოფოს ეზოში) აუცილებელი გახდა საველე ჰოსპიტალის მოწყობა. ეს საჭიროების ადგილი იყო და არა იმის შედეგი, რომ რომელიღაც მაღალჩინოსანმა წინა ღამეს ცუდი სიზმარი ნახა. 1999 წელს ფრანგულმა მხარემ  სამხედრო წვრთნებისას გვაჩუქეს. ჰოსპიტალი მხოლოდ კარავი არ არის, მთავარი იქ მედპერსონალი, ტექნიკა, წყალი და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობაა, რომლის გარეშეც საველეს  ფუნქციონირება წარმოუდგენელია. სამედიცინო აპარატურის მუშაობისთვის საჭიროა საკმაოდ მძლავრი ელექტროენერგიის წყარო, ბორბლებით აღჭურვილი გადასაადგილებლი საწოლები და სხვა მნიშვნელოვანი ინვენტარი. მოკლედ, სერიოზული ინფრასტრუქტურა. დავუბრუნდეთ ბაჩანა ახალაიას ,,საგმირო საქმეებს“. ფრანგების ნაჩუქარი ძვირადღირებული საველე ჰოსპიტალი ერთი რეზერვისტბის მოსამზადებლად გამოიყენეს და სამ წელს არ აშალეს, ზედ აწვიმდა და ათოვდა, არ ირეცხებოდა და არ შრებოდა, რასაც, საბოლოოდ, მისი დალპობა მოჰყვა. როგორღაც მოვახერხეთ და შევიტანეთ ჰოსპიტლის ალუმინის კარკასი, რომელსაც, მოგვიანებით,  ბაჩო ახალაიას თანამშრომლებმა ბულდოზერით გადაუარეს, ძალზე ძვირფასი, გერმანელების ნაჩუქარი  სამედიცინო აპარატურა კი წვიმასა და მზეში დაყარეს გასაფუჭებლად. არადა, ასეთი სერიოზული  საველე ჰოსპიტალი არც თურქებს, არც რუსებს და ბევრ ევროპულ ქვეყანასაც არ ჰქონდა.

სპორტის სასახლეში რამდენად შეიძლება, მოეწყოს პაციენტებისთვის საველე საავადმყოფო იმ შემთხვევაში, თუ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა?

-თეორიულად შესაძლებელია, თუმცა, ამასაც ძალზე სერიოზული დაგეგმვა  სჭირდება. აუცილებელია საწოლები და ტიხრები პაციენტთა შორის იმიტომ, რომ კოვიდ ინფექცია აერწვეთოვანია და აუცილებელია ამ უზარმაზარი სივრცის განიავება, ამისთვის კი საჭიროა სანიტარულ-ეპიდემიური სამსახურის ნებართვა, რომელი სამსახურიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მხოლოდ იმიტომ გააუქმეს, თითქოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი სამსახური არ არსებდა, რაც  მტკნარი სიცრუე იყო.

-,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გათვალა მოსალოდნელი რისკები, არაპროფესიონალიზმის გამო სიტუაცია ხელიდან გაექცა, თუ სხვა მიზეზით გააუქმა  ეპიდემიოლოგიური სამსახური, რომელიც ასე საჭირო აღმოჩნდა დღეს?

-“ნაციონალები” ის თანამედროვე კომკავშირელები არიან, რომლებიც ძალიან ჰგვანან 20-ანი წლების მათსავე კოლეგებს. მე ვფიქრობ, რომ სამხედრო ტრიბუნალს უნდა გაესამართლებინა ზოგიერთი მინისტრი და მაღალჩინოსანი იმ დანაშაულებებისთვის, რაც მათ ჩაიდინეს სამშობლოს წინაშე. მაგალითად, ოქრუაშვილითვის სასჯელის უმაღლესი ზომა უნდა შეეფარდებინათ ერგნეთის ბაზრობაზე შევარდნისთვის, ახალაიასთვის – ჯარის განადგურებისთვის და ასე შემდეგ. საქართველოს, დავით თევზაძის შემდეგ, ფაქტობრივად, თავდაცვის პროფესიონალი და ქვეყნის მოყვარული  მინისტრი არ ჰყოლია. იყვნენ მხოლოდ მავნებლები…საოცარია, როგორ ახერხებს ისრაელი, რომელსაც კახეთის რეგიონისხელა ცა აქვს, უმაღლესი რანგის პილოტების გაწვრთნას.  როგორ ხდება, რომ ქვეყანას, რომელსაც 600-კილომეტრიანი საზღვაო საზღვარი აქვს, არა თუ სამხედრო გემი, უბრალო ,,ბაიდარკაც“ არ გააჩნია. საქართველოს 80% მაღალმთიანია, ამ დროს, ქართულ ჯარს ერთი სამთო ოცეულიც არ ჰყავს. ვატყობ, გინდათ, მკითხოთ – გვეშველება რამეო? მე გიპასუხებთ, რომ არა, ან კი რატომ უნდა გვეშველოს? სულ ის ანეგდოტი მახსენდება, კაცმა მშობლები რომ დახოცა და მოსამართლეს სასჯელის შემსუბუქება სთხოვა – ობოლი ვარო!  ზუსტად ასეა ჩვენი საქმეც.

ისევ ეპიდსიტუაციას დავუბრუნდეთ. ,,კოვიდ 19“-მა დაგვანახა, რომ ქართული ჯანდაცვის სისტემა სერიოზულ გადახედვას საჭიროებს, თუნდაც, საწოლფონდის გათვალისწინებით.

-მართალია, მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც ეპიდემია მძვინვარებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა პაციენტები, რომლებსაც გულის, თირკმლის, კუჭის ან სხვა სახის პრობლემები აქვთ,  მიხედვა არ სჭირდებათ. თუ საომარ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს უნდა, მომავალშიც წარმატებით გაუმკლავდეს მსგავს ეპიდაფეთქებებს და მისი ჯანდაცვის სისტემა წარმატებით გაუმკლავდეს შექმნილ სირთულეებს, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციაზეც სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ზრუნვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები