ლევან დავითაშვილი: პანდემიის პირობებში, სოფლის მეურნეობის დარგში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა რთველი 2020 და ყურძნის ჭარბი მოსავლის დაბინავება იყო
“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2020-ის სუბსიდირება განხორციელდა. ამით, ათასობით მევენახეს 1 კგ რქაწითელის 80 თეთრად რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცა”,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, რომ არა სახელმწიფო სუბსიდია, ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ფერმერებს 1 კგ რქაწითელის გაყიდვა 50 თეთრად მოუწევდათ, რაც თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ დაფარავდა. ყურძნის სუბსიდირების თანხამ 51 მლნ ლარს მიაღწია.
“სახელმწიფო საწარმოებმა მევენახეებისგან ჭარბი ყურძენიც შეისყიდა, რომელზეც კერძოს სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იყო; ჯამში, 83 მლნ ლარის ღირებულების. რომ არა ეს მხარდაჭერა, 10 ათასამდე მევენახე ვერ შეძლებდა 94 ათასამდე ტონა ყურძნის რეალიზაციას.
სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა ბოლო 30 წლის რეკორდული, 280 ათასზე მეტი ტონა ყურძნის მოსავლის სრულად დაბინავება. ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათ შემოსავლების სახით, 310 მლნ ლარამდე მიიღეს.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში ქართული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინის დამატება, მეღვინეობის დარგის 2020 წლის ერთ-ერთი მთავარი წარმატება იყო
ქართული ტექნოლოგიით, „დურდოზე (ჭაჭა) ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინის“ OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში დამატების გადაწყვეტილება, OIV-ის გენერალურმა ასამბლეამ 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო.
ამ დრომდე OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინო შედიოდა: „შუშხუნა“, „ცქრიალა“, „შემაგრებული“, „ლიქიორული“, „ბუნებრივად ტკბილი ღვინოები“, „აისვაინი“ და „საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო“.
„დურდოზე ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“, OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მე-8 გახდა.
აღნიშნული სიახლის შესახებ, შესაბამისი განმარტება შევა ენოლოგიის პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსში, ამ კატეგორიის ღვინოების განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ მოხდება მომხმარებლების, ასევე კონკურსებზე ჟიურის წევრების ინფორმირება, რათა მათ შეძლონ შესაბამისი შეფასების გაკეთება”,- განაცხადა მინისტრმა.