კახა კალაძე: მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გუშინ, სადაც მშენებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა, იქ არცერთი ოჯახი, არცერთი ადამიანი არ ცხოვრობდა
“მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გუშინ, სადაც მშენებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა, იქ არცერთი ოჯახი, არცერთი ადამიანი არ ცხოვრობდა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გუშინ მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის ფარგლებში განახორციელა მშენებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი.
„მე ბევრჯერ მისაუბრია ამ თემაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამწუხაროდ, ქალაქში გვაქვს უკვე ბევრი კონკრეტული უბანი, რაიონი, სადაც მიმდინარეობს უკანონოდ მიწების დატაცება და შემდეგ უკანონოდ შენობა-ნაგებობის განთავსება. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გუშინ, სადაც მშენებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა, იქ არც ერთი ოჯახი, არც ერთი ადამიანი არ ცხოვრობდა. ამ ტერიტორიის ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, ასევე, მიტაცებულ მიწებზე აშენებული აქვთ სახლები და ოჯახებით ცხოვრობენ, ჩვენ ამ ოჯახებს არ შევხებივართ და მხოლოდ განხორციელდა იმ ობიექტების დემონტაჟი, სადაც უშუალოდ მშენებლობები მიმდინარეობდა, ზოგი საძირკველში იყო, ზოგი ნახევარზე იყო ამოშენებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა გაფრთხილებები, რომ თავადვე განეხორციელებინათ დემონტაჟი, მათ ეს არ გააკეთეს და, შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რადგან მიუღებელი და დაუშვებელია სახელმწიფო ქონების ასე დატაცება და ასე მოპყრობა. მე ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, კარგად მესმის გაჭირვება და ყველას გამოგვივლია და ყველამ ვიცით, რა არის გაჭირვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც მოვიპაროთ, მივიტაცოთ, ეს მიდგომა მიუღებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთეთო, რათა ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ, იყოს მხარდაჭერა თანადგომა და შემთხვევით არ არის, რომ დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი 2021 წლისთვის იქნება 350 მილიონი დაახლოებით 22 მილიონით იზრდება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება, რომ დავეხმაროთ ყველაზე მეტად იმ ოჯახებს, ვისაც სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. წლის განმავლობაში სხვადასხვა პროექტების სახით დაახლოებით 500 ათას ადამიანს ვეხმარებით. მე არასდროს გამიკეთებია განცხადებები, არასდროს არ მისარგებლია მანიპულაციებით, პირადად მეც, რა თქმა უნდა, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, რაც შემიძლია, მეც, ჩემი ოჯახიც გვერდით ვუდგავართ ადამიანებს სხვადასხვა დახმარებების სახით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენელს, რომელიც პანდემიის პერიოდში გვერდით უდგას დედაქალაქის მოსახლეობას იმ პლატფორმის სახით, რომელიც მერიამ წამოიწყო.
„გუშინ ძალიან მძიმე იყო ფოტოსურათი, რომელიც იყო გავრცელებული მამა-შვილის ფოტო, მე თავს შევიკავებ და არ დავასახელებ მათ სახელსა და გვარს, მთელი სოციალური ქსელი მოიცვა და ამასთანავე ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია და ეს ყველაფერი ხდებოდა მიზანმიმართულად ეს იყო კარგად დაორგანიზებული შემოტავა, თითქოს ჩვენ ამ მამა-შვილს დავუნგრიეთ საცხოვრებელი სახლი, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. შემდეგ რა მოყვა და როგორ განვითარდა მოვლენები ყველამ იცის და ამ თემას არ დავუბრუნდები. როდესაც ხდება მიწების დატაცება, ბევრი არის სოციალურად დაუცველი, მართლაც გაჭირვებული, მაგრამ ასევე არიან ადამიანები, ვინც მიწების დატაცებით, იქ შენობა-ნაგებობების განთავსებით ხელს ითბობს. ჩვენ ამ თემას ჩავყვებით ბოლომდე და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვერ მივაგნებთ, არ გამოიკვეთება ის ადამიანი ადამიანების დაჯგუფება, ძალიან ცდებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.