ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე წინსასამართლო სხდომა 17 დეკემბერს გაგრძელდება

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე იძულების, მუქარისა და ქრთამის შეთავაზებაში ბრალდებულების, აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის წინასასამართლო პროცესი გადაიდო.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე საკუთარი შუამდგომლობები წარადგინეს. დაცვის მხარე ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი აკაკი კობალაძის სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი, ვინაიდან, მასზე ადვოკატების თქმით, არაუფლებამოსილი პირის ხელმოწერაა, საბრძოლო მასალა კი ადვოკატების განმარტებით, პოლიციელებმა მიიტანეს. ამასთან, დაცვის მხარე „ქართული ოცნების“ წევრების, ბექა დავითულიანისა და გიორგი ხელაშვილის დაკითხვას ითხოვენ. ბრალდების მხარე კი, დაცვის მხარის შუამდგომლობებს არ ეთანხმება.

„დაცვის მხარის შუამდგომლობას არ ვეთანხმები ბრალდების მხარის მოწმეთა ნუსხიდან 3 პირის ამორიცხვის თაობაზე.

რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას, სასამართლოში იკითხებიან ის პირები, ვისაც გარკვეული შემხებლობა აქვთ სისხლის სამართლის საქმესთან. მაგალითად, ფლობენ კონკრეტულ ინფორმაციას, ან მონაწილეები იყვნენ საგამოძიებო – საპროცესო მოქმედებებში. პირები, რომელთა ამორიცხვაც მოითხოვა ბრალდების მხარემ დაცვის მხარის მოწმეთა სიიდან, არიან ის პირები, რომლებიც ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნებიან ინფორმატიულები, არ არიან ისინი გამოკითხულები, როგორც მოწმეები და მათი შემხებლობა სისხლის სამართლის საქმესთან არ დასტურდება. სწორედ ამიტომ ითხოვს ბრალდების მხარე მათ ამორიცხვას დაცვის მხარის მოწმეთა სიიდან. მოსამართლე ამ საკითხზე სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს”, – განაცხადა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 10 დეკემბერს შეუცვალა.

ცნობისთვის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები