ანდრია გვიდიანი: “ნაცმოძრაობის” რღვევის პროცესიც დაიყო

“ოპოზიციას ერთ რჩევას მივცემ – თქვენი მთავარი სამიზნე “ქართული ოცნება” კი არ არის, არამედ მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობაა”, დაგმეთ მიშა, დაგმეთ “ნაციონალობა”, გაემიჯნეთ ამ კაცს და შეეცადეთ სააკაშვილი არ გიწერდეთ დღის წესრიგს”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობის” რღვევის პროცესიც დაიყო, რაც მოსალოდნელი იყო.

“მაშ ასე, “ნაციონალური მოძრაობის” რღვევის პროცესიც დაიყო. პრინციპში ეს ბუნებრივი და მოსალოდნელიც იყო. როდესაც პარტია არასწორ ფუნდამენტზეა აშენებული, სწორედ მაშინ ხდება ისე, რომ პარტიას თავმჯდომარე ტოვებს.

გრიგოლ ვაშაძეზე ყოველთვის დაბალი წარმოდგენის ვიყავი. მაგრამ, წარმოიდგინეთ, “ნაციონალებში” მიმდინარე პროცესები და პარტიის სამომავლო ხედვები ისეთი სუბიექტისთვისაც კი კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც გრიგოლ ვაშაძეა.

რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ვაშაძის განცხადებიდან. პარტიაში გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომელთანაც მეც კი ვერ ვითანამშრომლებდიო. ეს ნიშნავს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ბოლო გაფართხალება აქვს დაწყებული და ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანების შემოკრება დაიწყო. იმდენად ყველაფერზე ხელის მომწერების, რომ ასეთი ვაშაძეც კი არ აღმოჩნდა. ანუ, გაცილებით დიდი სიბნელე ტრიალებს პარტიაში, ვიდრე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი გრიგოლ ვაშაძეა.

მიუღებელია ელჩების კრიტიკაო, ეს ნიშნავს, იმას, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ყველაფერზე წასვლას გეგმავენ. მათ განზრახული აქვთ დაამუნათონ ყველა და ყველაფერი, ვინც მათ გვერდზე არ არის. შესაბამისად, ჩვენი მოკავშირეების და მეგობრების კრიტიკაზე პარტიის შიგნით მწვანე შუქი ანთებულია.

გარდა ამისა, ვაშაძეს თავიდანვე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა გაუგებარ ბოიკოტზე. ვაშაძე ამბობდა, რომ ისეთ რამეს ვითხოვთ, რაც არ გვერგებაო და უარს ვამბობთ იმაზე, რაც გვეკუთვნისო. ამიტომ გაუგებარია რას ვაკეთებთო. მსგავს პოზიციას სხვათა შორის ვაშაძის გარდა სხვა “ნაციონალებიც” იზიარებენ. ალბათ ამიტომ დასაჯა არქიფო სააკაშვილმა და, შესაბამისად, ისეთ კუთხეში მოაქცია, საიდანაც სრულად ჩამოაშორა პროცესებს. ამით ყველას დაუმტკიცა ვინ არის აქ უფროსი და ვის სიტყვას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

მოკლედ, “ნაციონალურ მოძრაობას” არაფერი ეშველება მანამ სანამ სააკაშვილი იქნება. ქართულ ოპოზიციას კი არაფერი ეშველება, სანამ “ნაცმოძრაობა” იქნება. იმიტომ, რომ სააკაშვილი “ხიშნიკია”, ყველას გადაგყლაპავთ, ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემთ და ისე გატარებთ თავის ჭკუაზე როგორც ახლა, ამ არჩევნებზე.

ასე რომ, ოპოზიციას ერთ რჩევას მივცემ – თქვენი მთავარი სამიზნე “ქართული ოცნება” კი არ არის, არამედ მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობაა” დაგმეთ მიშა, დაგმეთ “ნაციონალობა”, გაემიჯნეთ ამ კაცს და შეეცადეთ სააკაშვილი არ გიწერდეთ დღის წესრიგს. 2024 წლის არჩევნებამდე კი გაქვთ დრო და იაზროვნეთ, ნუ, ეცადეთ მაინც…”,- წერს გვიდიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები