გრიგოლ ვაშაძემ ,,ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ნიშნავს თუ არა პარტიის თვმჯდომარის დემარში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშლის დასაწყისს? ,,კვირა“ საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძეს დაუკავშირდა:
– გრიგოლ ვაშაძე 31 ოქტომბრის ერჩევნების შემდეგ სულ უფრო ნაკლებად აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს. რა შეიძლება, მომხდარიყო ,,ნაციონალური მოძრაობის“ კულისებში?
– გრიგოლ ვაშაძე ერადერთი ლიდერი არ იყო, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა პარტიაში შექმნილი ვითარების გამო. ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილი ვითარება არ მოსწონდა სალომე სამადაშვილსაც, ამის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ უკრაინულ ვებგვერდზე ატვირთული მისი ფარული ჩანაწერიდან შეიტყო. სამადაშვილსა და ვაშაძეს არა მხოლოდ პარტიის შიგნით შექმნილი ვითარება, არამედ დასავლელ პარტნიორებთან თანაშრომლობის კურსი არ მოსწონდათ, ორივე მათგანი მაღალი დონის დიპლომატია და კარგად იციან დიპლომატიური ენა და ნიუანსები. დასავლეთისთვის, ისევე როგორც ვაშაძისთვის, მიუღებელი იყო ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ოდიოზური ფიგურების ხილვა, სრულიად არაპროგნოზირებადი განცხადებებითა და გადაწყვეტილებებით.
– ვაშაძე წინ ვერ აღუდგა პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების გადაწყვეტილებებს?
– როგორც ჩანს, ბოლო დროს მას ბევრს არაფერს ეკითხებოდნენ. როცა პარტიის ხელმძღვანელი ტოვებს პარტიას, ეს პოლიტიკური ორგანიზაციისთვის დიდი დარტყმაა. ვაშაძე ცუდი მსახიობი იყო, როდესაც ფორმალურად პარტიის სხვა ლიდერების ქმედებებს ეთანხმებოდა, სინამდვილეში კი მისთვის მიუღებელი რჩებოდა პარტიის გადაწყვეტილებები. არ გამოვრიცხავ, მის გადაწყვეილებას მალევე მიბაძოს რამდენიმე სხვა ლიდერმაც.
– ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრები ლანძღავენ დასავლელ პარტნიორთა ელჩებს. რადენად პოლიტკორექტულია მათი ქმედება დემოკრატიული ქვეყნების მიმართ?
– არავითარ პოლიტიკურ ჩარჩოებში ოპოზიციის განცხადებები არ ჯდება. ,,ნაციონალური მოძრაობა’’ და ,,ევროპული საქართველო“ თავად ვერ გრძნობენ, როგორ უთხრიან ძირს საკუთარ ,,პროდასავლურ“ იმიჯს. ამ ორ პარტიას ლამის მონოპოლია ჰქონდა გამოცხადებული პროდასავლურ ძალაზე. დღეს ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ლანძღვა-გინებას უკრაინიდან მხარს უბამენ გია ბარამიძე, ნიკა გვარამია და სხვები. თანაც, მათი ტონი სულ უფრო მკაცრი და ,,მამხილებელი“ ხდება. ,,ნაციონალები“ და ,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები პირდაპირ ეთერში თავს ესხმიან ევროპულ სტრუქტურებს. ვფიქრობ, უცხოელი დიპლომატებისთვის ქართული ოპოზიციის ასეთი განცხადებები ძალზე დამაფიქრებელია, რადგან მათ ცოტა რამ არ გააკეთეს ,,ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ოპოზიციური პარტიის შესანარჩუნებლად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ფაქტობრივად, უცხოელი დიპლომატების დამსახურებაა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ და ,,ევროპული საქართველო“ ქართულ პოლიტიკურ ველზე ისევ მთავარ მოთამაშეებად რჩებიან. ასეთი განცხადებების შემდეგ დასავლეთი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, ღირს თუ არა ფსონის დადება ქართულ ოპოზიციაზე. საერთაშორისო სარბიელზე ოპოზიციის ლიდერებს სერიოზული ახსნა-განმარტების მიცემა მოუწევთ თავიანთ ქმედებებზე.
ია დანელია