ზვიად ძიძიგური: ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და არა – ქუჩაში
“ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და არა – ქუჩაში”, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა თქვა უარის ისეთ ბერკეტზე, როგორიც საპარლამენტო ტრიბუნაა.
„დრამატული ვითარებაა. ოპოზიციის ერთი ნაწილი მთლად მკაფიოდ არ ამბობს, შევა თუ არა პარლამენტში და როგორ. არც ხელისუფლება გამოიყურება მთლად დამშვიდებულად. ჩემი პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ოპოზიცია უნდა შესულიყო პარლამენტში. თუ რამდენიმე ადამიანი მიიღებს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ოპოზიციური სპექტრიდან მიმბაძველები გამოუჩნდებიან და ერთპარტიული პარლამენტი, რაზეც იყო საუბარი, არ მგონია გამოვიდეს. მინდა ვთქვა, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და არა – ქუჩაში. ქუჩის ბერკეტის გამოყენებაც შეუძლია, როდესაც პარლამენტში იქნება და რატომ უნდა თქვა უარის ისეთ ბერკეტზე, როგორიც საპარლამენტო ტრიბუნა არის, გაუგებარია“, – განაცხადა ზვიად ძიძიგური.