ბჟანია ე.წ. სამუშაო ვიზიტით ისევ რუსეთში გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ე.წ.სამუშაო ვიზიტით ისევ რუსეთში გაემგზავრა.

ინფორმაციას ბჟანიას ე.წ. პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ბჟანია შეხვედრებს რუსეთის პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებში გამართავს.

იგეგმება 12 ნოემბერს პუტინსა და ბჟანიას შორის სოჭში შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკული რეალიზაციის საკითხების განხილვა.

რას შეიძლება, უკავშირდებოდეს ბჟანიას ასეთი ხშირი კომუნიკაცია რუსეთის მთავრობასთან – უცნობია, თუმცა, 12 ნოემბერს სოჭში პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ განიხილებოდა “ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის” შექმნა, რაც, ბჟანიას მოსაზრებით, ევროკავშირის მსგავსი რამ უნდა იყოს, სადაც, “სუვერენიტეტისა და საზღვრების ფარგლებში, ქვეყნებმა ერთიანი სივრცე შექმნეს”.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით სომხეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენის საკითხი განიხილებოდა. თუმცა, ბჟანიამ სოხუმში პრესკონფერენციაზე შესაბამისი შინაარსის შეკითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა და მხოლოდ ის თქვა, რომ საკითხი არაერთხელ განხილულა მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებების დროს.

“თავის დროზე ტრანზიტის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ მსურს, ხაზი გაუსვა, რომ ასეთი მცდელობა ყოველთვის იყო, შედეგი ყოველთვის – არა. თუმცა, ყველაფერი ხომ სიტყვით იწყება. ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა და შეცვლის. შესაბამისი გარემოებების შექმნის შემთხვევაში, ტრანზიტი შესაძლებელია. ვფიქრობ, საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით”, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები