“საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათ მიერ განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ
„ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი პარტიის ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათ მიერ განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები“, – განაცხადა კობახიძემ.