ირაკლი ხმალაძე: დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების 33% ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება

“დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების 33% ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება”, – ამის შესახებ დედაქალაქის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის მოცულობა, ჯამურად, მილიარდ 100 მილიონზე მეტია.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს სპეციალური ტრანსფერის ოდენობა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოყო – ეს, ჯამურად, იქნება დაახლოებით 225 მილონი ლარი, რაც თბილისისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარებაა.

კარგად იცით, რომ საკმაოდ მძიმე წელი ჰქონდა ქვეყანას და ზოგადად მსოფლიოს პანდემიის გამო. შემოსავლები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან კრიტიკული იყო ახლა ეს დახმარება. 2021 წელი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო ბიუჯეტი მეტად დაიგეგმა სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით.

ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ მიმართულებით, კერძოდ, თანხების 33% მომხმარდება ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს. ეს იქნება 350 მილიონი ლარი, რომელიც 21 მილიონი ლარით მეტია 2020 წლის ბიუჯეტის ამ მიმართულების ხარჯებთან შედარებით.

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი თანხები გამოყოფილი. კერძოდ, 356 მილიონი ლარი. რომლითაც რამდნიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ეს არის ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ასევე მოხდება თემქის ხევის პარკისა და ვარკეთილის ხევის პარკის მოწყობა, ასევე ვგეგმავთ, რომ ვაკის პარკში დავიწყოთ შადრევნის კასკადის რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილთან ყიფშიძის ქუჩის დამაკავშირებელი სრულიად ახალი საგზაო კვანძის მოწყობა, რაც იქ არსებულ ნაკადებს მნიშვნელოვნად განტვირთავს“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, მერიამ პირველ ეტაპზე ბიუჯეტი საკრებულოში 840 მილიონი ლარის ოდენობით წარადგინა.

„ეს იყო პირველი ეტაპი, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს და, სამწუხაროდ, ყოველწლიურად ხდება ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფების მიერ ასეთი შეტევის მიტანა მერიის პირველად ბიუჯეტზე, რომელიც, რა თქმა უნდა, შემცირებული ოდენობით არის. შემდგომში სრულდება უკვე მოლაპარაკების პროცესი ცენტრალურ ხელისუფლებასთან და საბოლოო რედაქცია მიდის, ანუ წელსაც მივიღეთ იგივე. თავდაპირველად ჩვენ მოგვიწია 840 მილიონიანი ბიუჯეტის წარდგენა, რამაც კრიტიკის ქარცეცხლი გაიარა, მაგრამ ახლა ყველა ვხედავთ, რომ 2021 წელს თბილისი არ იქნება მხოლოდ 840 მილიონის იმედად და ეს იქნება მილიარდ ასი მილონი, რაც მნიშვნელოვანია და ახლა შეიძლება მივაქციოთ ყურადღება იმ პრიორიტეტებსა და პროექტებს, რომელიც მოცემულია ჩვენს მიერ გაგზავნილ ბიუჯეტში. მათ შორის ოპოზიციასაც შეუძლია გაეცნოს ჩვენს პრიორიტეტებსა და ჩვენც მზად ვართ საკრებულოსთან ერთად გავმართოთ განხილვები”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტზე დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები