ეკატერინე ტიკარაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ესტუმრა
“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ესტუმრა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრი ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა და სადისპეტჩერო ცენტრში არსებულ პრობლემებს ადგილზე პირადად გაეცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო პაციენტების დროულ ჰოსპიტალიზაციასა და ნაკადების სწორ მართვას.
„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა. დეტალურად გავეცანით მათ პრობლემებს. საუბარი შეეხო პაციენტების ჰოსპიტალიზაციასა და ნაკადების მართვას, თუ როგორ შეიძლება, გაუმჯობესდეს პაციენტების განთავსება როგორც სასტუმროებში, ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
შეხვედრას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და მართვის დეპარტამენტის უფროსიც ესწრებოდა.
ამირან გოგიტიძეს განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე შემთხვევებზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ.
„მინისტრი პირადად გაეცნო სამუშაო პროცესსა და სადისპეტჩერო სამსახურის მუშაობს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები დანიშნულების ადგილზე ოპერატიულად მიდიან და შესაბამის რეაგირებას ახორციელებენ“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟები საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად 3000 გამოძახებას ასრულებენ.