საქართველოში კორონავირუსით 37 ახალი პაციენტი გარდაიცვალა
ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმა. სწორედ ამ ორ თვიანი გეგმის ფარგლებში, იცით, რომ უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 129 210-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 462 გარდაცვალების შემთხვევა.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 850 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 932 პირი, აჭარაში – 12 102, იმერეთში – 5 206, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.