თამარ გაბუნია: პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და დღეების განმავლობაში ოჯახის ექიმმა არ დარეკა პაციენტთან
“მე პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და დღეების განმავლობაში ოჯახის ექიმმა არ დარეკა პაციენტთან, ასეთი შემთხვევები თუ თქვენს ხელში მოხვდა, ძალიან გთხოვთ, გამიზიარეთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ერთი საათის შემდეგ რომელიმე ზარი უპასუხოდ რჩება, ამ შემთხვევაში, ცენტრალური ონლაინ კლინიკის ფუნქციაა, აიღოს ეს ზარი და ოჯახის ექიმს დააკავშიროს.
„როდესაც პაციენტების დიდი ნაკადი დაიწყო, ამან, რა თქმა უნდა, გადატვირთა “112”-ისა და ოჯახის ექიმების ხაზი, მაგრამ დღეს ეს არის მოწესრიგებული. სამინისტროში არის ცენტრალური ონლაინ კლინიკა, რომლის მთავარი ფუნქციაა, აკონტროლოს დაგვიანებული ზარები.
თუ ერთი საათის შემდეგ რომელიმე ზარი უპასუხოდ რჩება, ამ შემთხვევაში ცენტრალური ონლაინ კლინიკის ფუნქციაა, აიღოს ეს ზარი, დაელაპარაკოს და დააკავშიროს ოჯახის ექიმს. თუ მაინც დარჩა ისეთი ზარი და ვიღაცა თვლის, რომ უყურადღებოდაა, მინდა იცოდეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის მზადა იმისთვის, რომ ასეთი ზარები პირადად გაიაროს და ასეთ პაცეინეტებს შესაბამისი მომსახურება გაეწიოთ, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.