კახა კალაძე: საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება
პროექტი „საახალწლო სოფელი“ წელს პანდემიის გამო ვერ განხორციელდება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ვიცით, რა რთული ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში, ვებრძვით პანდემიას. იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ განხორციელდება. ეს შექმნიდა მიზიდულობის ცენტრს, მოვიდოდა ბევრი ადამიანი და დიდი საფრთხე შეიქმნებოდა. ამიტომ, საახალწლო სოფელი წელს ვერ ჩატარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა შეჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება.
„ეს პროექტი, დაახლოებით, 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა. ეს თანხა მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში. ჩვენ დავეხმარებით იმ ოჯახებს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. წინასაახალხლო დღეებში მათ საკვები პროდუქტებით უზრუნველვყოფთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.