დავით ზალკალიანს დღეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მოუსმენენ
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს დისტანციურად მოუსმენენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატით წარიმართება და მასში მონაწილეობას დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგასთან ერთად მიიღებს. სწორედ დღეიდან იწყება მინისტრის სამუშაო ვიზიტი ვარშავაში.
მინისტერიალის ფარგლებში, განიხილავენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართულ სამომავლო გეგმებს, მათ შორის, საქართველოს ალიანსში გაერთიანებისთვის არსებული ინსტრუმენტების, იმავე „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ განახლების პროცესს, რომელზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობდნენ.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ასევე განიხილავენ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველო-ნატოს თანამშრომლობას, საქართველოს მნიშვნელოვან როლს გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში, ნატო-ს მისიებში მონაწილეობის გზით.