“ისე ნუ მოიქცევით, რომ ბათუმში შვილებს უთხრან მშობლებმა – ასეთები არ გაიზარდოთ” – თორნიკე რიჟვაძე ბათუმის აქციის შესახებ
“ისე ნუ მოიქცევით, რომ ბათუმში შვილებს უთხრან მშობლებმა – ასეთები არ გაიზარდოთ”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა აქციის მონაწილეებსა და ,,ნაციონალურ მოძრაობას, რომ ოდნავ მაინც შეინარჩუნონ სახე.
,,ალბათ, არ ღირდა ამ საკითხით შეწუხება, თუმცა, ვინაიდან გუშინ ერთი რიგითი ბათუმელიც კი შეწუხდა ე.წ. მარგინალების ზღვარგადასული პროტესტით, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამ ოცკაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული ბელადი არ ღირს, რომ თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მთელი აჭარა. ამ კუთხის შვილები ხართ და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე, რომ მეზობელს მისალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდევ – ოჯახში შეშვება. საბოლოოდ, ნუ მოიქცევით ისე, რომ თქვენი უსაქციელობით ბათუმში მშობლები შვილებს ეუბნებოდნენ – ასეთები არ გაიზარდოთ”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, აჭარის მთავრობის სახლთან ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და აქტივისტები აქციას მართავენ.