ბექა ფერაძე: შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ 10 374 ობიექტი შემოწმდა, მათ შორის 4 194 ობიექტს საქმიანობის უფლება შეუჩერდა
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მას შემდგომ, რაც ამოქმედდა იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვები, დადგენილების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი დაიწყო და გრძელდება.
მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში სულ შემოწმდა 10 374 ობიექტი, მათ შორის წერილობითი და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 6 177 ობიექტს, დაჯარიმდა სამი ობიექტი, 4 194 ობიექტს კი, საქმიანობის ნებართვა შეუჩერდა.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ფაქტის განმეორების გამო, ერთი ობიექტი გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი რეაგირებისთვის. რეგიონალურ ჭრილში ეს მაჩვენებლები შემდეგნაირადაა გადანაწილებული: თბილისში შემოწმდა 4 711 ობიექტი, იმერეთში 1 137, კახეთში 814 ობიექტი, ქვემო ქართლში 828, შიდა ქართლში 493, სამეგრელო-ზემო სვანეთში 848, აჭარაში 1 111, სამცხე-ჯავახეთში 179, მცხეთა-მთიანეთში 140, გურიაში 106, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი 7 ობიექტი. რაც შეეხება შემთხვევას, რომელიც გუშინ მასმედიის საშუალებით აქტიურად ვრცელდებოდა, ეს იყო ერთ-ერთი ფიტნეს დარბაზი. როგორც მოგეხსენებათ, მან დაარღვია იზოლაციისა და კარანტინის დადგენილი წესები. მიუხედავად თავდაპირველი გაფრთხილებისა, რომ მას მოეხდინა შეწყვეტა საქართველოს მთავრობის დადგენილი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობისა, არ დაემორჩილა შრომის ინსპექციის მოწოდებას, რის გამოც 42-ე პრიმა მუხლით დაჯარიმდა 10 ათასი ლარის ოდენობით. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ უარი განაცხადა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე, შესაბამისად, ამოქმედდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, ოქმი ჩაბარებულად ითვლება, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მიმდინარეობს ადგილზე, და სამართალდამრღვევი უარს ამბობს ოქმის ჩაბარებაზე, აღნიშნულის თაობაზე ჩანაწერი კეთდება ოქმში, შესაბამისად, ოქმი 2020 წლის 28 ნოემბრიდან ითვლება ჩაბარებულად და სამართალდამრღვევს აქვს 30 კალენდარული დღე ჯარიმის გადასახდელად. იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდება ჯარიმის გადახდა, კანონით დადგენილი წესით, ის მიეცემა იძულებით აღსასრულებლად. იმის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად არაერთ გზის მოწოდებისა, მას შეეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა, ამ შემთხვევაში, რომელიც იყო და არის საბჭოს მიერ მიჩნეული, როგორც მაღალი რისკის შემცველ აქტივობად, მან კვლავ განაგრძო საქმიანობა, რის გამოც ჩვენ განმეორებით დავაფიქსირეთ ფაქტი. მივმართეთ ფაქტის დადასტურების შემდგომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტს, რის შემდგომაც დაიწყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. როგორც იცით, საგამოძიებო პროცესში მოხდა ასევე ფიტნეს კლუბის დალუქვა. როგორც იცით, ასევე პასუხისმგებლობა გათვალისწინებული არის იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის. პირველ ეტაპზე ეს არის ფიზიკური პირის მიმართ 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის მიმართ 10 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება უშუალოდ კომპანიას, იურიდიული პირის შემთხვევაში, ამ მუხლის სანქციის შესაბამისად, დადგენილია დაჯარიმება, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან დამრღვევი პირის მიმართ ლიკვიდაციისა და ჯარიმის ღონისძიებების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობა. ფიზიკური პირის მიმართ ეს არის შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთის ვადით სამ წლამდე“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.