ლევან რატიანი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს, სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება და კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება.
მისივე თქმით, კლინიკაში მიყვანისას კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა, ამ ეტაპზე სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია.
„კახი კავსაძე ჩვენთან გუშინ, დაახლოებით 14:00 სთ-ზე შემოიყვანეს. შემოყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდინფექცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება. კლინიკურად მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდინფექციამ და მისმა გართულებამ. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს. გემოდინამიკა უფრო სტაბილური გახდა. სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებთ, ღონისძიებები, რომელიც უკვე ჩატარდა და მომავალში ჩაუტარდება, პაციენტის გამოჯანმრთელებას გამოიწვევს“,- განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს.