სერგი კაპანაძე: სიპ-ებსა და აიპ-ებში უნდა მოხდეს ქამრების შემოჭერა, მათ შორის, ხელფასებისა და დასაქმებული ადამიანების რაოდენობის შემცირება
“გამართლებული იქნებოდა, რომ პარალელურად მთავრობას ბიუროკრატიისთვის შემოეჭირა ქამარი”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ სიპ-ებსა და აიპ-ებში უნდა მოხდეს ქამრების შემოჭერა, მათ შორის, ხელფასებისა და დასაქმებული ადამიანების რაოდენობის შემცირება.
„ზოგადად, როდესაც ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ურტყამს კერძო ბიზნესს და რომელიც გვემუქრება იმით, რომ კერძო სექტორში დაიკარგება ათობით ათასი სამუშაო ადგილი, ანუ დაზარალდება კერძო სექტორი, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მორალურადაც, სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც გამართლებული იქნებოდა, რომ პარალელურად მთავრობას ბიუროკრატიისთვის შემოეჭირა ქამარი.
ბუნებრივია, რა ოდენობით განისაზღვრება ხელფასი, ეს სხვა დისკუსიის საგანია, მაგრამ მაშინ როდესაც მკაცრი ზომები შემოაქვს მთავრობას და არ აქვს მნიშვნელობა ამის მიზეზი რა არის, პანდემია, ზოგადად ეკონომიკური კრიზისი თუ სხვა პრობლემა, ქამრების შემოჭერა უნდა დაიწყოს პირველ რიგში თვითონ მთავრობამ, საჯარო სამსახურმა და ბიუროკრატიამ.
ეს განსაკუთრებით გამართლებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი, პარტიული აქტივი, დასაქმებულია სიპ-ებსა და აიპ-ებში, სწორედ იქ უნდა მოხდეს ქამრების შემოჭერა, მათ შორის, ხელფასების შემცირება, დასაქმებული ადამიანების რაოდენობის შემცირება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის ადამიანები იქ დოვლათს არ ქმნიან და რეალურად დასაქმებულებიც არ არიან, უბრალოდ იღებენ ჩვენი გადასახადებიდან აკრეფილ ფულს“, – განაცხადა კაპანაძემ.