ჩვენ შევეცადეთ და სოციალური და ბიზნეს დახმარების პაკეტები მაქსიმალურად დავაბალანსეთ – ნათია თურნავა
„ჩვენ შევეცადეთ და მაქსიმალურად დავაბალანსეთ სოციალური და ბიზნეს დახმარების პაკეტები,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება შეაფასა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების ისეთ მიმართულებაზე, როგორიცაა საშემოსავლო გადასახადის თანადაფინანსება ბიზნესთან ერთად, რომელიც ხელს შეუწყობს 750-ლარიან და 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. მთავრობის სოციალური დახმარებას ასევე მიიღებენ შშმ პირები, კონკრეტული ქულის ქვევით მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები და სხვა სოციალურად დაუცველი ადამიანები.
მინისტრმა ასევე ისაუბრა კიდევ ერთ საყოველთაოდ აპრობირებულ მექანიზმზე, როგორიცაა კომუნალური ხარჯების სუბსიდირება კიდევ 4 თვით, ასევე 300-ლარიანი დახმარების გაცემაზე იმ პირებისთვის, რომელთა საქმიანობაც მთავრობის გადაწყვეტილებით შეიზღუდა.
„ჩვენ ასევე ბანკებთან ვაწარმოებთ კომუნიკაციას, რომ მოხდეს ამ დროებით შეზღუდულ ობიექტებში დასაქმებული პირების საბანკო სესხების გადავადება. ვფიქრობთ, რომ ბანკები მხარს დაგვიჭერენ ამ კომუნიკაციაში,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეზღუდვები კონკრეტულ ქალაქებსა და სექტორებს შეეხებათ, სადაც ტრადიციულად მობილობა მაღალია
„ეკონომიკური ზემოქმედების თვალსაზრისით, ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი და ეპიდემია გაცილებით უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას, ვიდრე მოკლევადიანი და ლოკალური შეზღუდვები, რომლის შემდეგაც ჩვენ მოველით, რომ გადავტეხავთ ამ ტენდენციას და შევანელებთ ვირუსის გავრცელებას,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შეფასებისას. მისი თქმით, შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა სახეზეა, თუმცა იქნება ლოკალური, წერტილოვანი, სექტორული და არა საყოველთაო.
„შეზღუდვები იქნება ლოკალური, რადგან კონკრეტულ ქალაქებში განხორციელდება; ასევე არასაყოველთაო, ანუ სექტორული – ის იქნება კონკრეტულ სექტორებზე მიმართული, რომლებიც, ტრადიციულად, ყველგან და არა მხოლოდ საქართველოში, უფრო მეტ მობილობას აგენერირებს. მაგალითად, ესაა არასასურსათო ვაჭრობა, ბაზრობები, რესტორნები, ზამთრის კურორტები,” – აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის სექტორები, რომლებსაც მთავრობის ახალი გადაწყვეტილება შეეხება, საქალაქო ტრანსპორტის გარდა, მხოლოდ ნაწილობრივ იზღუდება.
„ეს ბიზნესები საქმიანობის სხვა ფორმაზე გადავლენ. მაგალითად, რესტორნები იმუშავებენ გატანის სერვისებით. იგივე ვაჭრობის ობიექტები გადავლენ ონლაინ ვაჭრობაზე და მიტანის სერვისზე, რაც უკვე აპრობირებული ფორმაა და ამისთვის ძირითადად არიან მომზადებულები. ამავე დროს, გაგრძელდება საბითუმო ვაჭრობა და სხვა. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ადაპტაციის პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა, რომ შეზღუდვები იქნება კვლავაც ლოკალური, წერტილოვანი და სექტორული და არა საყოველთაო ლოქდაუნი,” – აღნიშნა ნათია თურნავამ.