“ხდება პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება, ქართველი ხალხის შანტაჟი, რომ „მე შენ გაგიუქმებ ვიზას, თუ არ მოიქცევი ისე, როგორც მე მინდა, თუ არ მისცემ ხმას შენი ხელისუფლების წინააღმდეგ” – ბოჭორიშვილი
“ხდება პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება, ქართველი ხალხის შანტაჟი, რომ „მე შენ გაგიუქმებ ვიზას, თუ არ მოიქცევი ისე, როგორც მე მინდა, თუ არ მისცემ ხმას შენი ხელისუფლების წინააღმდეგ და თუ ეს ხალხი გეყოლება ხელისუფლებაში“, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის ევროპარლამენტში ჩატარებულ კენჭისყრას გამოეხმაურა, რომელიც უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას ეხება.
„რა მიზეზი არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერება დადგეს დღის წესრიგში – ამას იყენებენ ერთადერთი მიზნით, ეს საკითხი გახდა პოლიტიკური ინსტრუმენტი საქართველოსთან მიმართებით – პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება, ქართველი ხალხის შანტაჟი, რომ „მე შენ გაგიუქმებ ვიზას, თუ არ მოიქცევი ისე, როგორც მე მინდა, თუ არ მისცემ ხმას შენი ხელისუფლების წინააღმდეგ და თუ ეს ხალხი გეყოლება ხელისუფლებაში“.
სხვათა შორის, ჩვენ ვიზებს ვიღებთ და არაფერი პრობლემა არ არის. დიპლომატიური პასპორტებისთვის ეს „სადამსჯელო ღონისძიება“ უკვე განახორციელა ბრიუსელმა. დიპლომატიური პასპორტების მფლობელები ვიღებთ ვიზებს და მივემგზავრებით ევროპის ქვეყნებში. ამით ქვეყანა არ დაქცეულა და არც საქართველოს მოქალაქეებს შეჰქმნიათ პრობლემა. თუმცა, ეს ნაბიჯი გადაიდგა – სრულიად ალოგიკური, სრულიად მოშორებული ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს და მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქციო პოლიტიკა.
დღეს ევროკავშირში არის ხალხი, არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ლობირებენ ზუსტად იმავე მეთოდებით ევროკავშირის მოქმედებას. ამ შემთხვევაში რა აქვს ევროკავშირს ჩვენთან მიმართებით? – ესეც ხომ პოლიტიკაა, უვიზო მიმოსვლა გამოიყენოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად საქართველოსთან მიმართებით და პოლიტიკურ პროცესებზე ამით მოახდინოს გარკვეული გავლენა.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი მიმდინარეობს, ჯერ არ არის დამტკიცებული, თუმცა სავარაუდოდ დამტკიცდება, მაგრამ აქ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.