“მინდა, მოვუწოდო მამა დოროთეს, ასევე „ტვ პირველს“, „ფორმულას“, ნუ ძალადობთ, ნუ მორალისტობთ და მორალის სიმაღლიდან ნუ გვასწავლით ჭკუას” – დეკანოზი ანდრია
“ძალიან უხერხული სიტუაციაა – ხალხი, რომელიც ახლა დაპატიმრებულია, მათ შორის დოროთეს მოწოდებებს გაჰყვა, მივიდა იქ და რა გამოვიდა? დაიჭირეს ეს ხალხი”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის რევოლუციურ მოწოდებებზე საუბრისას განუცხადა.
დეკანოზმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
„ადამიანები შეცვივდნენ პრეზიდენტის სასახლეში – გაუგონარი ამბავია! რამდენჯერ მომხდარა მსოფლიოში?! ვთქვათ. შეიძლება ჩამოთვალო, რომ ასეთი რამ სადმე მომხდარა. აღმოჩნდა, რომ ავანგარდში, ვინც მოუწოდებდა ხალხს, გამოდითო, ჩვენი სასულიერო პირია, ეკლესიის წარმომადგენელი.
ძალიან უხერხული სიტუაციაა. ხალხი, რომელიც ახლა დაპატიმრებულია, მათ შორის დოროთეს მოწოდებებს გაჰყვა, მივიდა იქ და რა გამოვიდა? – დაიჭირეს ეს ხალხი. ვინ არის პასუხისმგებელი? – თვითონ გამოვიდა და თქვა, მე არ ვარ პასუხისმგებელიო.
მინდა, მოვუწოდო როგორც მამა დოროთეს, ასევე „ტვ პირველს“, „ფორმულას“, ნუ ძალადობთ, ნუ მორალისტობთ და მორალის სიმაღლიდან ნუ გვასწავლით ჭკუას.
თუ ვინმეს უნდა შევარდნა პრეზიდენტის სასახლეში, ძალიან ცუდია და ამას არ ვემხრობით, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ შევარდნას, უჩვენოდ გააკეთეთ ასეთი ამბები“, – განაცხადა დეკანოზმა.