“კატასტროფაა, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი დაბალი ხარისხის პროპაგანდით, მაგრამ მაინც პროპაგანდით არის დაკავებული, რომლის მიზანიც არის ოპონენტების გაჩუმება მაშინ, როდესაც არ გაქვს არგუმენტები” – პაპუაშვილი
“რასაც ჩვენ ვხედავთ „რუსი“, „რუსის“ ძახილით, სინამდვილეში, არ არის მოგონილი საქართველოში, არის იმპორტირებული უცხოეთიდან, როგორც 100 წლის წინ ბოლშევიზმი იქნა იმპორტირებული დასავლეთიდან”, – ამის შესახებ „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, დონალდ ტრამპის მიმართ ზუსტად ეს მეთოდი იყო და დღემდე არის გამოყენებული.
„ეს რომ საქართველოს ეხებოდეს კიდევ ერთი საკითხია, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად დონალდ ტრამპის მიმართ ზუსტად ეს მეთოდი იყო და დღემდე არის გამოყენებული. მას აწებებენ იარლიყს, კრემლის აგენტსაც კი ეძახიან, მისი ნების გამტარებელს, პრორუსს და ა.შ.
ეს არის პერიოდი, როდესაც ერთი იდეოლოგია თავის თავს ამკვიდრებდა რაღაც მეთოდებით და ახლა თავს იცავს, რომ ეს იდეოლოგია არ იქნეს განდევნილი საზოგადოების სფეროდან. ვგულისხმობ ლიბერალიზმის თანამედროვე ჯგუფებს, რომელიც სინამდვილეში ფსევდოლიბერალები არიან და არანაირი კავშირი არ აქვთ ლიბერალიზმის მთავარ იდეასთან. ყველა ხედავს, რომ ეს არის უბრალოდ პროპაგანდით მცდელობა, რომ ზუსტად ასეთი იარლიყების მიწებებით გააჩუმონ ადამიანი, მეორე არ მისცენ მას სივრცე და დახურონ დისკუსიის ყველა სივრცე, მესამე ფიზიკურად მოსპონ, როგორც ეს ჩარლი კირკის შემთხვევაში იყო.
ამას ჩვენ ვხედავთ, როდესაც აკონტროლებენ ლექსიკას, ამის ერთ-ერთი ნაწილია ლგბტ ლექსიკონი, რომელიც დაამკვიდრეს სხვადასხვა ქვეყანაში სქესთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ ბლინკენის ბრძანება, რომელიც უკრძალავდა თანამშრომლებს, რომ არ გამოეყენებინათ ისეთი მიმართვა, რომელიც ამჟღავნებდა სქესს.
არის ძალიან კარგი ტესტი იმისთვის, რომ ამოვიცნოთ ფსევდოლიბერალი და მოძალადე იდეოლოგიის მიმდევარი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დისკუსიის დროს არგუმენტების ნაცვლად იყენებს კლიშეებს და იარლიყებს, არის პრეზუმფცია, რომ ეს ადამიანი არის ძალადობრივი იდეოლოგიის მატარებელი, რომელსაც სურს გაგვაჩუმოს.
კატასტროფაა, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი დაბალი ხარისხის პროპაგანდით, მაგრამ მაინც პროპაგანდით არის დაკავებული, რომლის მიზანიც არის ოპონენტების გაჩუმება მაშინ, როდესაც არ გაქვს არგუმენტები. ეს მეთოდები ჩვენ სხვა დროსაც ვნახეთ. საზოგადოებას ახსოვს, რომ აშშ-ის ყოფილი ელჩი ქალბატონი დეგნანი იყო ის, ვინც გამჭვირვალობის კანონს პირველად დაარქვა რუსული კანონი.
როდესაც ეს იარლიყების მეთოდი დაინგრევა იციან, რომ გაიხსნება სივრცე დისკუსიისთვის და ზუსტად ამის ეშინიათ. სინამდვილეში ეს არის შეშინებული იდეოლოგია, რომელიც თავს იცავს სხვებზე ძალადობით, სხვების გაჩუმებით. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც წააწყდება პროპაგანდისტებს, რომლებიც დისკუსიის და არგუმენტის ნაცვლად პირდაპირ იწყებენ იარლიყების მიწებებას საკითხის, აზრის, ადამიანის მიმართ „რუსი“, „რუსის“ ძახილით, მას პირდაპირ უნდა მიახალონ სახეში, რომ ის არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტი, რომელსაც ეშინია საუბრის. მშიშარა ადამიანების მეთოდია იარლიყების მიწებება.
ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი გარეთ არსებული თანამდებობისა, პრესსპიკერიდან დაწყებული და დამთავრებული ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტიდან, ის ვინც საქართველოს ხალხის და მისი არჩეული ხელისუფლების მიმართ კვლავ დაიწყებს ამ ეპითეტებით ჟონგლიორობას, ყველა მიიღებს ღია, საჯარო პასუხს ამასთან დაკავშირებით და მხილებას იმაში, რომ არიან ძალადობრივი იდეოლოგიის მატარებლები, რომლებსაც არ აქვთ არგუმენტი და სურთ ოპონენტების გაჩუმება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა