ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ ყველაფერზე უარი თქვა, რაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას უკავშირდებოდა

“ოპოზიციამ ყველაფერზე უარი თქვა, რაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას უკავშირდებოდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის პოზიცია არის, რომ საქართველოში არჩევნები შედგა, ეს არჩევნები იყო კონკურენტული და თავისუფალი.

„დისკუსიის ამოსავალი წერტილი არის, თუ როგორია რეალურად არჩევნების შინაარსი. თუ, პირობითად, არჩევნები გაყალბდა, ბუნებრივია, ერთი მიმართულებით უნდა წავიდეთ, მაგრამ თუ არ გაყალბდა, უნდა წავიდეთ მეორე მიმართულებით. მოცემულობა არის ის, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები, რა თქმა უნდა, ხარვეზებზეც საუბრობენ, ხარვეზები ფიქსირდება ყველა არჩევნებზე, თუმცა ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის პოზიცია არის, რომ საქართველოში არჩევნები შედგა, ეს არჩევნები იყო კონკურენტული და თავისუფალი. ეს წერია მათ შორის მთავარი სადამკვირვებლო მისიის, ეუთო/ოდირის ანგარიშშიც, რომელიც ყოველთვის არის მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ჩვენ გვაქვს ნათელი შეფასება საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან. მიუხედავად ამისა, ჩვენ პარტიებს მაინც შევთავაზეთ დეტალების დაზუსტება, რისთვისაც შევთავაზეთ მათ 1500-მდე უბნის გადათვლა, რაზეც მივიღეთ უარი და იყო სპეკულაციები, თითქოს მეორე რაუნდისთვის ამის შესაძლებლობა დახურული იყო. მართალია 13-ში შეჯამდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგები, მაგრამ მიდიოდა სასამართლოში და სასამართლოს ჰქონდა, მათ შორის ცესკოს პოზიტიური წინადადების საფუძველზე, უკან შემობრუნების საშუალება. მეორე რაუნდის შემდეგაც იყო 5-დღიანი სივრცე იმისთვის, რომ უბნები გადათვლილიყო. ასევე სპეკულაციები გვესმოდა „კარუსელთან“ დაკავშირებით. „კარუსელი“ რომ არ მომხდარა, ამის დასტური იყო 20-საათიანი უწყვეტი ვიდეოჩანაწერი 3700 უბანზე, რასაც ვაჩვენებდით, თუმცა ამაზეც მივიღეთ მტკიცე უარი. მესამე იყო დებატები, არჩევნების ყველა დეტალთან დაკავშირებით, ამაზეც მივიღეთ უარი. მათ ყველაფერზე თქვეს უარი, რაც უკავშირდებოდა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას”, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ. მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები