კახა კალაძე: ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავარ საბიუჯეტო დოკუმენტში ბიუროკრატიული ხარჯები გაზრდილია.
მისივე თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის წარმოდგენილი.
„ჩემი თხოვნა იქნება, ბიუჯეტზე არ ვიმსჯელოთ, რადგან პირველადი ბიუჯეტია, რომელიც შემდგომ დაკორექტირდება. როგორი იქნება დედაქალაქის ბიუჯეტი ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. იმაზე მეტი იქნება გაცილებით, რაც დღეს არის წარმოდგენილი, რითაც მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ის პროექტები, რაზეც პანდემიამდე ვსაუბრობდით განხორციელდეს ინფრასტრუქტურის მიმართულებით სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა უბნებში. ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე – შეესაბამება თუ არა სიმართლეს ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები, რომ ბიუჯეტში გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯები? კალაძემ განაცხადა: „ეს არ არის სწორი ინფორმაცია, არის ტყუილი, არანაირი ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება. ეს არის პირველადი ბიუჯეტი. თუმცა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ბიუჯეტი, რომელიც საბოლოო იქნება, იქნება რადიკალურად განსხვავებული არსებული ბიუჯეტიდან და იქნება გაცილებით მეტი“.