გიორგი ტყელამაძე: დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის ვარიანტი იქნება კიდევ უფრო გაზრდილი, ვიდრე ეს არის დღეს წარმოდგენილი
დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის ვარიანტი იქნება კიდევ უფრო გაზრდილი, ვიდრე ეს არის დღეს წარმოდგენილი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტის შემდგომი განხილვების დროს შეძლებისდაგვარად აისახება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საკრებულოს მხრიდან იქნა წარმოდგენილი.
„ბიუჯეტის საბოლოო პროექტში იქნება წარმოდგენილი უკვე განსხვავებული მოცულობები, შესაბამისად, იქნება ცენტრალური ხელისუფლების ტრანსფერი ასახული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უკვე საბოლოო პროექტი იქნება საგრძნობლად დიდი თანხით, დაახლოებით, 1 მილიარდ ლარამდე. შესაბამისად, შემდგომ განხილვებში უკვე შეძლებისდაგვარად აისახება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საკრებულოს მხრიდან იქნა წარმოდგენილი. რაც შეეხება პრიორიტეტებს, არის და ძალაში რჩება ყველა ის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მიერ იყო დაანონსებული. არც ერთი თეთრით არ მომხდარა სოციალური მიმართულების შემცირება, თუმცა ჩვენ საბოლოო პროექტი მოგვცემს უფრო მეტ შესაძლებლობას. შესაბამისად, ბიუჯეტის საბოლოო პროექტის ვარიანტი იქნება კიდევ უფრო გაზრდილი, ვიდრე ეს არის დღეს წარმოდგენილი“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ამასთან, ტყემალაძის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდის შესახებ.
„იცით, რომ 2020 წლის განმავლობაში, კანონიდან გამომდინარე, ქალაქის მუნიციპალიტეტს დაემატა ბავშვთა ზრუნვის სააგენტო, შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქ ასახული არის შრომის ანაზღაურების ნაწილი. ასევე იცით, რომ მოხდა გარკვეული რეფორმა ბიბლიოთეკების თანამშრომლებთან მიმართებით, საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან დაკავშირებით და მოხდა მცირეოდენი ხელფასების ზრდა. არ მომხდრა არც ბიუროკრატიული ხარჯების და არც იმ თანამდებობის, ხელმძღვანელი პირების ხელფასების ზრდა, რომლებიც არიან დასაქმებული და ახორციელებენ თბილისის მერიის მენეჯმენტს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი განიხილეს და საკრებულოს რეკომენდაციებით მერიას დაუბრუნეს.
პირველადი დოკუმენტის მიხედვით, თბილისის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 840 302,5 ათასი ლარით განისაზღვრა.