ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცედურის დაწყებაზე თანხმობას აცხადებს

აშშ-ის გენერალური სერვისების სამმართველომ ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აცნობა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის, ხელისუფლების გადაბარების ფორმალური პროცესი დაიწყოს.

ამის შესახებ სამმართველოს ხელმძღვანლის, ემილი მერფის წერილშია ნათქვამი, რომელსაც CNN-ი გაეცნო.

ამასთან, მერფი წერილში აღნიშნავს, რომ თეთრ სახლს პროცედურის გადადებასთან დაკავშირებით მასზე გავლენა არ მოუხდენია.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მერფის გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

“მას ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და მე არ მსურს, რომ მას ან მის ოჯახს ან სააგენტოს თანამშრომლებს რამე მოუვიდეთ. ჩვენი საქმე გრძელდება, ბრძოლას ვაგრძელებთ და მე მჯერა, რომ გავიმარჯვებთ! მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვაძლევ ემილისა და მის გუნდს, გააკეთოს ყველაფერი ის, რაც საჭიროა ოქმებთან დაკავშირებით, იგივე რჩევა მივეცი ჩემს გუნდსაც”, – დაწერა ტრამპმა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის თავდაცვის უწყებამ მიიღო შეტყობინება ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით.

პენტაგონში განაცხადეს, რომ უწყებას უკვე დაუკავშირდნენ სამმართველოდან და ბაიდენის შტაბიდან.

“დაუყოვნებლივ დავიწყებთ ჩვენი გეგმის რეალიზებას ბაიდენის შტაბისთვის მხარდაჭერის აღმოჩენასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები 12 დეკემბერს გახდება ცნობილი. თუმცა, ამჟამად ცნობილია, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების უმრავლესობა მიიღო.

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები