ექვსკვირიანი საომარი მოქმედებების შემდეგ, ყარაბაღის მეორე ომის ცხელი ფაზა დასრულდა. მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. აზერბაიჯანმა თითქმის 30-წლიანი ოკუპაცია დაასრულა, სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი შვიდი რეგიონი დაიბრუნა და კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები გამოჩდნენ. რა დაკვნების გამოტანა შეიძლება მომხდარიდან – „კვირა“ ამ საკითხზე აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.
-აზერბაიჯანმაც შეძლო და თითქმის 30-წლიანი ოკუპაცია დაასრულა. სომხეთის არაერთი მცდელობის მიუხედავად, საომარი მოქმედების მიმდინარეობისას რუსეთმა ნეიტრალიტეტი შინარჩუნა და სომხეთი, ფაქტობრივად, მარტო დატოვა. რა იყო ეს – აზერბაიჯანის დიპლომატიის გამარჯვება თუ რუსეთმა სომხეთის პრეზიდენტი, ფაშინიანი რუსეთისადმი ნაკლები ლოიალურობის გამო დასაჯა?
მე ვფიქრობ, რომ რუსეთს დიდი ხანი ჰქონდა ფაშინიანის დასჯის სურვილი. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ერთმანეთს დაემთხვა აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის ინტერესები. მე არ გამოვრიცხავ, რომ სამივე დაინტერესებულ მხარეს ომის დაწყებამდე ჰქონდა გარკვეული შეთანხმება ზოგად პრინციპებზე. შემდეგ მოხდა ის, რომ ამ შეთანხმების სარეალიზაციოთ შესაბამისი დრო შეარჩიეს. ომი დაიწყო მაშინ, როცა ამერიკას თავისი პრობლემები ჰქონდა, ვგულისხმობ პანდემიასა და საპრეზიდენტო არჩევნებს. პანდემიამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ევროპასაც. თავიდანვე გასაგები იყო, რომ სამივე დაინტერესებული მხარე მიზანს მიაღწევდა და მიაღწიეს კიდეც. სომხეთი დამარცხებულია, დამარცხებულია ფაშინიანიც. რუსეთმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა კი ის მიიღეს, რაც სურდათ.
-როგორ ფიქრობთ, მხარეებმა, ვგულისხმობ რუსეთსა და აზერბაიჯანს, თავიანთი პროგრამა მაქსიმუმი შეასრულეს თუ რუსეთი კიდევ რაიმეს მოსთხოვს აზერბაიჯანს?
ვფიქრობ, რუსეთმა მიიღო ის, რაც უნდოდა. ფაქტობრივად, სამხედრო ბაზა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მართალია, რუსეთის სამხედრო კონტინგენტს, რომელიც ახლა ყარაბაღშია, სამშვიდობოები ჰქვია, მაგრამ რეალურად ეს არის აზერბაიჯანზე ზემოქმედების მძლავრი ბერკეტი. ფაქტობრივად, განუსაზღვრელი ვადით დაიკანონა რუსეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყოფნა. ფორმულა 5 + 5 ნიშნავს, რომ რუსეთი იქ მინიმუმ 10 წლით გარანტირებულად დარჩება. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთის კონტროლს ქვეშ გადადის ლაჩინის სატრანსპორტო კორიდორი, რომელიც ყარაბაღს დიდ მიწასთან, ანუ სომხეთთან აკავშირებს და გზა, რომელიც აზერბაიჯანის ნახიჩევანთან კონტაქტს უზრუნველყოფს.
-ახლახან საქართველოში ამერიკელი მაღალჩინოსნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი დასრულდა. რა დატვირთვა ჰქონდა ამ ვიზიტს, ამერიკელებმა საქართველოს მათდამი ლოიალობა ხომ არ გადაამოწმეს?
ვფიქრობ, პომპეოს ვიზიტით ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ, დასავლეთში არსებული პრობლემების მიუხედავად, კავკასია რჩება მათი ინტერესობის სფეროში. დასავლეთმა, კერძოდ ამერიკამ აჩვენა, რომ მათთვის სულ ერთი არაა, როგორ განვითარდება რეგიონში მოვლენები.
-პომპეოს ამ ვიზიტის შემდეგ უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში დასავლეთის სამხედრო ყოფნის ზრდას?
მეც ერთ -ერთი ხელმომწერი ვარ იმ პეტიციისა, რომელიც საქართველოში აშშ-ს სამხედრო ყოფნის ზრდას ითხოვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ ამ მიმართვიდან მალევე საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა გაჩნდება. ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ საუბარი და საზოგადოებრივი აზრის მომზადება, რომ აქ სამხედრო ბაზა გაკეთდეს. საქართველოს უსაფრთხოებას ეს ნამდვილად სჭირდება, ვინაიდან რუსეთის ზეწოლა საქართველოზე, დიდი ალბათობით, გაიზრდება.
-რას გულისხმობთ ზეწოლის ზრდაში?
როგორც იცით, ისევ დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის გახსნაზე საუბარი. პუტინთან შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციის საკითხიც წამოსწია. ამ თემების აქტუალიზაციით, რუსეთი შეეცდება, საქართველოზე ზეწოლა გააძლიეროს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ძლიერი მოკავშირე, რომელიც ჩვენი ინტერესების დაცვაში დაგვეხმარება.
ხშირად საუბრობენ საქართველოსა და მთლიანად კავკასიის სტრატეგიულ და სატრანზიტო მნიშვნელობაზე. ამას აქ გამავალი ნავთობ და გაზსადენებით ასაბუთებენ. თუმცა სულ რაღაც 30 წლის წინ რეგიონს მთლიანად რუსეთი ( საბჭოთა კავშირი ) აკონტროლებდა და დასავლეთში ენერგეტიკული შიმშილი არ დამუქრებია. აქედან გამოიმდინარე, გადაჭარბებულად ხომ არ ფასდება კავკასიის მნიშვნელობა?
არ მგონია. მაშინ სხვა გეოპოლიტიკური სურათი იყო მსოფლიოში. დღეს სხვა რეალობაა. კავკასიას მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სატრანზიტო დერეფანს და ეს მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის როლი მსოფლიო ეკონომიკაში და განსაკუთრებით ევროპასთან მიმართებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფაქტია, რომ ახლა ჩვენ, ანუ კავკასია ორ დიდ ეკონომიკას ვაკავშირებთ, კერძოდ, ჩინეთსა და ევროკავშირს და ამ გზას, ფაქტობრივად, ალტერნატივა არ აქვს.