მაია სანდუ: გაჩნდება მოლდოვის გაერთიანების შესაძლებლობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი, პროევროპული პარტიის “მოქმედება და სოლიდარობას,, ლიდერი, მაია სანდუ აცხადებს, რომ ერთხელაც გამოჩნდება გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, კიშინიოვისა და ტირასპოლის გაერთიანება იყოს შესაძლებელი.
ამასთან, მისი თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება უნდა მოხდეს.
“მჯერა, ერთხელაც მოლდოვის გაერთიანების გეოპოლიტიკური შესაძლებლობა გამოჩნდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მშვიდობიანი დარეგულირება უნდა იყოს. ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს, რომელიც მოლდოვას ინტერესშია. მეტიც, დარწმუნებული ვარ, ეს უნდა იყოს მოქმედების ის გეგმა, რომელიც ქვეყნის შიგნით იქნება შემუშავებული, ყველა პოლიტიკურ ძალასა და საზოგადოებასთან შეთანხმებული. მესმის, რთული ამოცანაა, მაგრამ მარტივი გადაწყვეტილებები არ არსებობს”, – თქვა მან უკრაინული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.
დნესტრისპირეთზე საუბრისას სანდუმ თქვა, რომ ის რუსეთის მიერ არის მხარდაჭერილი, მათ შორის, ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხში.
მისივე თქმით, ტირასპოლის ფედერალიზაციას არ ეთანხმება.
“არ ვუჭერ მხარს იმ ვარიანტებს, რომლებსაც იგორ დოდონი გვთავაზობდა. ისინი ფედერალიზაციაზე საუბრობდნენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ კონფლიქტის მოგვარების ფორმატს გამოვნახავთ და ის მოლდოვის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის სრულ გაყვანას უნდა ითვალისწინებდეს. ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით და მომავალშიც ვისაუბრებთ”, – თქვა მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა.