„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ დისტანციურ ფორმატში ჩატარდება

20-25 ნოემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რიგით მეექვსე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ დისტანციურ ფორმატში ჩატარდება.

სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციებისგათვალისწინებით, ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება და მას მაყურებელი არ დაესწრება. დაგეგმილი კონცერტების მოსმენა შესაძლებელი იქნება როგორც ,,თბილისის ბაროკო ფესტივალის“ოფიციალურ Facebook გვერდზე და ტელეარხზე „სილქ უნივერსალი“.

,,20 ნოემბერს ფესტივალს, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, გახსნის ქართველი პუბლიკისთვის უკვე კარგად ცნობილი, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი, ფაგოტისტი სერჯოა ცოლინი. შესრულდება ალბინონის, ვივალდის, ჯემინიანისა და კატანეოს ნაწარმოებები.

ფესტივალის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია ონლაინ ლექციები; მსმენელს საშუალება ექნება, მოისმინოს პროფესორების ნოდარ ლადარიასა და დავით გიგინეიშვილისა, ასევე, მხატვარ გია ბუღაძის საინტერესო საუბრები ბაროკოს ეპოქაში სხვადასხვა მიმდინარე პროცესის შესახებ.

22 ნოემბერს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“წარმოადგენს მარიამ ალექსიძის ონლაინ შემეცნებით ვიდეო-წარმოდგენას – „გიორგი ალექსიძის ნეობაროკო“, სადაც მოგვითხრობს გიორგი ალექსიძისეულ ცეკვის სტილზე, ხოლო დასი წარმოადგენს გიორგი ალექსიძის მიერ ბაროკოს პერიოდის კომპოზიტორების მუსიკაზე დადგმულ კომპოზიციებს.

ფესტივალი 25 ნოემბერს დასრულდება. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი მსმენელს შესთავაზებს კონცერტს სახელწოდებით „იტალიური კონცერტები“, სადაც სოლისტების რანგში ორკესტრის მუსიკოსები თავად წარდგებიან მსმენელის წინაშე და ვივალდის, კორელის, მარჩელოსა და ჰენდელის ნაწარმოებებს შეასრულებენ,”- ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. თბილისისმერია და იტალიისსაელჩო საქართველოში. ფესტივალის ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/tbf.ge

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები