მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის როლი არის იმ ოპოზიციური პარტიების ბულინგი, რომლებიც ვიმედოვნებ, კონსტრუქციულ დიალოგში და ასევე პარლამენტშიც შემოვლენ
“მიხეილ სააკაშვილი უტევს დასავლურ ღირებულებებს, ხან კოლონისტებს ეძახის, ხან შეურაცხყოფას აყენებს დასავლური მისიების წარმომადგენლებს და ეს არის გაგრძელება იმ რუსული საქმისა, რასაც ის თავისი ხელისუფლების პერიოდში ახორციელებდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, სააკაშვილი დასავლურ ღირებულებებს ებრძვის.
„სააკაშვილის როლი არის ბულინგი იმ ოპოზიციური პარტიებისა, რომლებიც ვფიქრობ და ვიმედოვნებ, კონსტრუქციულ დიალოგში შემოვლენ და ასევე შემოვლენ პარლამენტშიც. თუმცა, ასევე სააკაშვილზე შემიძლია, დავამატო, რომ ეს ადამიანი უტევს დასავლურ ღირებულებებს, ხან კოლონისტებს ეძახის, ხან შეურაცხყოფას აყენებს დასავლური მისიების წარმომადგენლებს და ეს არის გაგრძელება იმ რუსული საქმისა, რასაც ის თავისი ხელისუფლების პერიოდში ახორციელებდა. ის ებრძვის დასავლურ ღირებულებებსა და დასავლელებს. მაგრამ სააკაშვილისგან, რომელმაც აგვისტოს ომიდან ორი თვის შემდეგ მხარი დაუჭირა იმას, რომ თითქოს აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო ეს არის შედარებით ნაკლები პოლიტიკური დანაშაული, თუმცა, ესეც არის დანაშაული. დეკლარირებულად გამოკვეთილი რუსული ძალები საქართველოში დღეს ერთ მხარესა და პოზიციაზე დგანან. იცით ასეთი პარტიები. ისინი დგანან დღეს ფასადურად ევროპული ღირებულებების მატარებელ პარტიებთან და ერთად აპროტესტებენ ვითომ გაყალბებულ არჩევნებს, იგონებენ არჩევნების გაყალბებას. მგონი, ამითაც ყველაფერია ნათქვამი“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ჰოლანდიელი დეპუტატი ტინი კოქსი გააკრიტიკა. სააკაშვილი კოქსს ეფესბე-ს აგენტს უწოდებს.