შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ, ვიდეოკონფერენციის ფორმატით, შეხვედრა გამართა ოპერაციების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ჯონ მანზასთან, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობას.
კახაბერ საბანაძემ ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან (MARCOM) არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და შავი ზღვის რეგიონში საზღვაო სურათის აღქმის გაუმჯობესების მიმართულებით საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) როლზე ისაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების პროცესის მიმდინარეობის კუთხით მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრის დასასრულ, კახაბერ საბანაძემ ჯონ მანზას მადლობა გადაუხადა ალიანსის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი.