ზაალ უდუმაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ზუსტადაა აღწერილი ის დარღვევები, რაც არჩევნებზე იყო
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ზუსტად არის აღწერილი ის დარღვევები, რომლებიც არჩევნებზე იყო.
მისივე თქმით, ოპოზიციის პოზიცია უცვლელია და ისინი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.
„არცერთი ჩვენი მეგობარი ქვეყანა, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ მოგვიწოდებს ოპოზიციას, არ შეხვიდეთ პარლამენტშიო. დიპლომატიურ ენაზე ასეთი მოწოდება არ შეიძლება, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის ამავე განცხადებაში ზუსტად არის აღწერილი ის დარღვევები, რომლებიც არჩევნებზე იყო, ასევე, ღიად არის ნათქვამი, რომ საქართველოს მოსახლეობა არ ენდობა ცესკო-ს და არ ენდობა სასამართლოს, რითაც აბსოლუტურად ყველაფერი ნათქვამია, რადგან როდესაც არ ენდობი ცესკო-ს, რომელმაც შედეგები დათვალა, არ ენდობი სასამართლოს, რომელმაც არცერთი შენი სარჩელი არ განიხილა და ძალაში დატოვა ცესკო-ს მიერ დაწერილი რიცხვები, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ამ ყველაფერზე. შესაბამისად, ჩვენი პროტესტი არის ის, რომ არ შევდივართ პარლამენტში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.