სერგი კაპანაძე: ოპოზიცია მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ხელისუფლების მხრიდან გონივრულ წინადადებას ელოდება
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ხელისუფლების მხრიდან გონივრულ წინადადებას ელოდებიან.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას ასეთი წინადადება არ ექნება, მაშინ ქვეყანა ერთპარტიულ, საბჭოურ პარლამენტს მიიღებს.
„ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლების მხრიდან იქნება გონივრული წინადადება. თუ ხელისუფლების მხრიდან გონივრული წინადადება არ იქნება წამოყენებული და თუ ისინი უარს აცხადებენ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, მაშინ ჩვენ ვაგრძელებთ იმ სტრატეგიას, რაც აქამდე გვქონდა შემუშავებული. ჩვენ არ ვაპირებთ, ხელისუფლებას „გავუპრავოთ“ ეს პარლამენტი. მათ შეეძლოთ, ეთამაშათ წესებით, არ გაეყალბებინათ არჩევნები და მიეღოთ დემოკრატიულად არჩეული, ლეგიტიმური პარლამენტი, მაგრამ ეს გზა არ აირჩიეს. ბუნებრივია, ჩართულები ვიქნებით მოლაპარაკებებში და ვნახავთ, რა წინადადებით მოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. თუ ისინი წინადადებას არ მოიტანენ, მაშინ მივიღებთ ერთპარტიულ, საბჭოურ პარლამენტს და რამდენ ხანს „გაქაჩავს“ ივანიშვილი ასეთი ტიპის პარლამენტით, გინდა, ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციით და გინდა – ქვეყნის გარეთ, ამას ძალიან კარგად ვნახავთ ყველა“, – განაცხადა კაპანაძემ.