„ეს ფაქტი ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს“ – ვეფხვია გულედანი ივანე ბურდულის სკანდალურ აუდიოჩანაწერზე

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარის, ვეფხვია გულედანის განცხადებით, აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ცესკო-ს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი სპეციალისტი, ივანე ბურდული ქრთამის სანაცვლოდ ცესკო-ს თანამდებობის პირისგან სამსახურის დემარშით დატოვებას ითხოვს, ცალსახად სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს.

ამის შესახებ გულედანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. გულედანი პროკურატურას მიმართავს.

„მოგეხსენებათ, 12 ნოემბერს გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ცესკო-დან დემარშით წასული ივანე ბურდული, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი შაშკინის მეგობარი, ესაუბრება თავის ყოფილ კოლეგას, კერძოდ, ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს. ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ იგი აღნიშნულ პირს ქრთამის სანაცვლოდ თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს. მიგვაჩნია, რომ ეს ფაქტი ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს. მოვუწოდებთ პროკურატურას, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება აღძრას. პირველ ყოვლისა, დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა და შემდგომში შესაბამისად მოახდინონ რეაგირება, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი ცალსახად კანონდარღვევაა. ვთვლით, რომ შესაბამის ფაქტებზე გამოძიების არწარმოება მომავალში მსგავსი ქმედებებს წაახალისებს.

ამ ბრიფინგის შემდეგ გადავინაცვლებთ პროკურატურასთან. ჩვენი ინფორმაციით, გარკვეული პროცესი დაწყებულია, დაძრულია სისხლის სამართლის საქმის წარმოება. საზოგადოების მაღალი ინეტერესია და ამ მიმართულებით გვაინტერესებს, რა ხდება: მიმდინარეობს თუ არ მიმდინარეობს პროცესი. თუ არ მიმდინარეობს, მოვუწოდებთ, რომ დაიწყონ გამოძიება. თუ მიმდინარეობს, გვაინტერესებს, რა ეტაპზეა გამოძიება“, – განაცხადა გულედანმა.

ცნობისთვის, “კვირამ” ექსკლუზიურად მესამე პირისაგან მოიპოვა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ცესკო-დან დემარშით წასული, ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრის, დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარი, ივანე ბურდული მისსავე თანამშრომლისგან, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან მისი ნაბიჯის გამეორებას ითხოვს. ბურდული ქრთამის შეთავაზების სანაცვლოდ ხატია ფერსაშვილს სთავაზობს, რომ დატოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და გააკეთოს მადისკრედიტებელი განცხადებები.

ივანე ბურდული მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ “კვირას” მიერ მესამე პირისგან მოპოვებული აუდიოჩანაწერი გაყალბებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები