„ფსიქოთერაპიაში ალბათ სიცოცხლის ბოლომდე დავრჩები“ – მუსიკიდან გეშტალტთერაპევტოპამდე განვლილი გზა, ნოსტალგიური სიზმრებით აფხაზეთზე  

მუსიკოსების ოჯახში გაიზარდა. მამა კონსერვატორიის პროფესორი იყო, დედა – მუსიკის ისტორიის დამსახურებული პედაგოგი. პირველ პროფესიადაც თავიდან სწორედ ეს სფერო აირჩია და წარჩინებით დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი.
მოგვიანებით  გაუჩნდა დაუოკებელი სურვილი,  კიდევ ესწავლა, ახალი პროფესია  – ფსიქოლოგია  შეესწავლა და გამხდარიყო ფსიქოთერაპევტი.
წარჩინებით დაამთავრა . უზნაძის სახელობის თბილისის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტი და დაიცვა დისერტაცია.
როგორც ამბობს, სწორედ განწყობის ფსიქოლოგიით დაიწყო გეშტალტთერაპიისკენ სვლაც. საქართველოში გეშტალტ ფსიქოთერაპიული მეთოდი   და მისი სწავლება მისმა მეუღლემ, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა შემოიტანა და დანერგა.
2015 წელს, მეუღლესთან ერთად  გახდა კავკასიის რეგიონში პირველი, ევროპაში EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპევტი. ხოლო 2018 წელს მიენიჭათ ევროპაში ყველაზე მაღალი, EAP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტის ცენზი.
არის საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტისაღმასრულებელი დირექტორი, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლოსაკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი და  წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი. – თეა გოგოტიშვილის პერსონა.

 – საინტერესო და მრავალფეროვანი იყო ჩემი ბავშვობა. მამა კონსერვატორიის პროფესორი იყო, დედა – მუსიკის ისტორიის დამსახურებული პედაგოგია. ადრეულ ბავშვობაში მახსოვს ბებია, მამის დედა – ნინა ბახტაძე, საოცარი ადამიანი, რომლის გახსენებაზეც გული მითბება და მიჩუყდება.
1937 წელს სტალინის მთავრობამ ბაბუა დახვრიტა, ბებია კი ციმბირში გადაასახლა. მამა და ჩემი ბიძა, შემდგომში ცნობილი ქირურგი თენგიზ გოგოტიშვილი, მათმა უფროსმა დამ, ლილიმ გაზარდა, რომელიც გამორჩეულად მომხიბლავი და სათნო ადამიანი, მაღალი კლასის ექიმი ინფექციონისტი გახლდათ. მახსოვს, რამდენად უყვარდა ყველას – ახლობლებს, პაციენტებს. ბავშვებს ხშირად გვიყვებოდნენ მის თავდადებაზე, როგორ თქვა უარი პირად ცხოვრებაზე, ძმების აღზრდაზე გადადო თავი და როდესაც ბებია გადასახლებიდან დაბრუნდა, მასზე ზრუნავდა.
დედაჩემი, მანანა ანიკაშვილი, ექიმების ოჯახიდანაა. ბებია – ნათელა კვაჭაძე, იმ დროს საქართველოში სანიმუშო, ბავშვთა მე-8 სტომატოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი, ქალაქის დეპუტატი, უკეთილესი, უჭკვიანესი და უყოჩაღესი ქალი იყო.
ბებიამ, როგორც ჩემთვის უსაყვარლესმა ადამიანმა და მისაბაძმა მაგალითმა, ჩემი პიროვნული თვისებების ფორმირებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. მეღიმება იმის გახსენებაზე, რომ ბებიას ეშხით, დიდი სიხარულით მივიჩქაროდი კბილების მოსაცვლელად ოქროსთევზებიანი აკვარიუმებით გამშვენებულ მის პოლიკლინიაში.
ბაბუა, ლადო ანიკაშვილი, ექიმი კურორტოლოგი იყო, მან და ბებიამ მეორე მსოფლიო ომის დროს გაიცნეს ერთმანეთი ჰოსპიტალში, სადაც ერთად მუშაობდნენ.
შეიძლება ითქვას, რომ ჩემი აღზრდის გარემო, დედ-მამის გარდა სულ ექიმებისგან შედგებოდა.
დედის უფროსი ძმა, თემო ანიკაშვილი, კარდიოლოგიური ინსტიტუტის მთავარი ექიმი გახლდათ; უმცროს ბიძას – ზურას, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მე-4 სამმართველოში სახელმძღვანელო პოზიცია ეკავა და მთელი ბავშვობა, ყოველ ზაფხულს, მისი წყალობით აფხაზეთის საუკეთესო კურორტებზე ვისვენებდით. ორივე მხრიდან ბიძებს, განსაკუთრებით კი ზურა ანიკაშვილს, ბევრი სიკეთე და დიდი ამაგი აქვს ჩვენზე. ასე რომ, მე და ზაზა (ჩემი ძმა) ძალიან ვემადლიერებით მას.
რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ვაფასებ და მენატრება მამა, რომელიც უკვე 11 წელია აღარ არის ჩვენთან. ეს იყო გამორჩეული კულტურის, ინტელექტისა და კეთილშობილების ეტალონი.
მთელი ბავშვობა, საღამოობით, მე, ზაზა და მამა ერთად ვკითხულობდით და განვიხილავდით მსოფლიო ლიტერატურის კლასიკას, ვხუმრობდით და ვხალისობდით, სავარჯიშოდ დავდიოდით ბოტანიკურ ბაღში და ამ ტრადიციას დღესაც ვაგრძელებ, ახლა უკვე ჩემს მეუღლესთან ერთად.
მამასგან ვისწავლე დისციპლინა, შრომისმოყვარეობა და ყოველი წუთის მნიშვნელობის ფასი. ხშირად გვიმეორებდა, დრო ყველაზე ძვირფასიაო და ახლა ვხვდები, ამ სიტყვების სიბრძნეს, როდესაც დასახული მიზნების მისაღწევად დღეში 16 საათიც არ მყოფნის ხოლმე.
ჩემი ბავშვობის მრავალფეროვნებაში, დედას და მის ოჯახს მიუძღვის დიდი წვლილი. გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ დავყავდით დედას ყოველ კვირა დღეს, ბებია-ბაბუასთან ვიზიტამდე, რუსთაველის კინოთეატრში დილის სეანსებზე, სადაც მსოფლიოს კინოშედევრებს – ფელინის, ანტიონიონის, პაზოლინის, კოპოლას და სხვათა მაღალ ხელოვნებას ვეზიარებოდით. კინოდან, ტრადიციულად, ბებია-ბაბუასთან მივდიოდით სახლში. სადაც საჩუქრები, გამასპინძლება, დიდი სიყვარული და სითბო გველოდებოდა.
ჩემი ბავშვობის ბედნიერ დღეებს ახლა სიზმრებში ვხედავ: ხშირად ვსტუმრობ ბებია-ბაბუას სახლს, მეგობრებთან ერთად ვერთობი სოხუმის „კომპოზიტორთა შემოქმედებით სახლში“, იქვე, სინოპში, ვსეირნობ ბოტანიკურ ბაღში, შევისუნთავ მაგნოლიების თავბრუდამხვევ არომატს გაგრის პარკში, ბუნების სილამაზით ვტკბები  ბიჭვინთის კვიპაროსების ხეივანში და რომელი ერთი ნოსტალგიური სიზმარი გავიხსენო, ბევრია…
– წარჩინებით დაამთავრეთ ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი. ალბათ ბავშვობიდან გიყვარდათ მუსიკა?
– ჩვენს ოჯახში სულ ჟღერდა მუსიკა. სახლში დღეს უკვე ანტიკვარად ქცეული ფირფიტების უზარმაზარი კოლექცია გვაქვს. რეალურად, კლასიკურ მუსიკას დედის მუცლად ყოფნის პერიოდში ვეზიარე. ვფიქრობ, არ არის გასაკვირი, რომ მუსიკის  სიყვარული გამომყვა და პირველ პროფესიად ეს სფერო ავირჩიე.
მახსოვს, დაწყებით კლასებში, დედა მიყვებოდა, რომ ჩემზე ფეხმძიმე იცავდა დიპლომს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში და ხუმრობით იგონებდა დიდი რუსი კომპოზიტორის, სერგეი პროკოფიევის ბიოგრაფიულ ფაქტს, რომ ისიც ემბრიონულ მდგომარეობაში უსმენდა სტუდენტი დედის ფორტეპიანოზე შესრულებულ ნაწარმოებებს.
მკაფიოდ მახსოვს 4 წლის ასაკში, საბავშვო ბაღში, ფორტეპიანოსთან რომ დამაყენებდა ხოლმე მასწავლებელი, რადგან კლავიშებს მხოლოდ ხელებაწეული ვწვდებოდი და „ჟუჟუნა წვიმას“ დაკვრას მთხოვდა. სანამ პატარა ვიყავი, დედას აკომპანემენტის ქვეშ ვმღეროდი, შემდეგ უკვე თვითონ ვუწევდი ჩემს თავს აკომპანირებას.
მამას და მის ძმას – თენგიზ გოგოტიშვილს, ორივეს ფენომენალური სმენა ჰქონდათ. განთქმულები იყვნენ თავისი მუსიკალურობით ძველი თაობის თბილისელებში. ბიძაჩემი თვითნაბადი ტალანტი იყო, ხოლო მამა, საერთაშორისო მასშტაბის კორიფეებთან ნასწავლი, მოსკოვის კონსერვატორიის წარჩინებული კურსდამთავრებული, გარდა კლასიკური მუსიკისა, ისე უკრავდა ჯაზს, რომ  დღესაც ყურში მიჟღერს მისი შესრულებული გლენ მილერის „მზიანი ველის სერენადა,“ ჯორჯ გერშვინის „პორგი და ბესი“ და სხვა მრავალი უნიკალური კომპოზიცია.
– რამ გადაგაწყვეტინათ ფსიქოთერაპევტობა, რომ უკვე პროფესიით მუსიკისმცოდნე დაინტერესდით ახალი პროფესიით? თანაც, იმხანად,  მოსკოვში, ბრიტანული გაზეთის „Times“ კორესპონდენტის რეფერენტთარჯიმნად მუშაობდით….
– 90-იანებში რამდენიმე წელი მოსკოვში  გავატარე. ჩემი პირველი შვილი ლუკა იქ დაიბადა და 1 წლის ხდებოდა, როცა გამიჩნდა დაუოკებელი სურვილი, კიდევ მესწავლა და ახალი პროფესია შემეძინა. ახლობლები გაკვირვებას გამოხატავდნენ ამ ჩემს სურვილთან დაკავშირებით, რადგან იმ დროისთვის, ფაქტობრივად, ორი მიმართულებით შემეძლო თვითრეალიზაცია – მუსიკის და ინგლისური ენის სფეროში, მაგრამ ჩემი ფსიქოლოგიის მიმართ ინტერესი და დარწმუნება, რომ სწორედ ფსიქოთერაპია იყო ჩემი მოწოდება, ეს შინაგანი სწრაფვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე, შემესწავლა  ფსიქოლოგია  და გავმხდარიყავი ფსიქოთერაპევტი.
– წარჩინებით დაამთავრეთ თბილისის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტი, რომელიც დიმიტრი უზნაძის მიერ დაფუძნებული ფსიქოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებდა… დაიცავით დისერტაცია და  მეცნიერად მუშაობდით კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილებაში…

მეუღლესთან – დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად

– ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდია. სწავლის ისეთი წყურვილი მამოძრავებდა, თითქოს პირველად ვიყავი სტუდენტი. აუდიტორიაში ყოველთვის პირველ მაგიდასთან ვიჯექი, ჩემი არაჩვეულებრივი ლექტორების და შემდგომში უფროსი კოლეგების ყოველ სიტყვას „ჰაერში ვიჭერდი“ და ვიაზრებდი; ძალიან ბევრს ვკითხულობდი და სემინარებზე სულ ვაქტიურობდი. მახსოვს, მოსკოვში ფსიქოლოგიის ინსტიტუტს ვეწვიე და  შევისყიდე ნახევარი ბიბლიოთეკა, უამრავი წიგნი, რომელთა შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო, რომ არაფერი ვთქვათ თვითმფრინავში ამ წიგნების წონის გადასახადზე, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ნებისმიერი თანხის გასაღებად  ვიყავი მზად.
–  თქვენმა მეუღლემ, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა შემოიტანა და დანერგა საქართველოში გეშტალტ ფსიქოთერაპიული მეთოდი და მისი სწავლება. თქვენ ერთობლივად მონაწილეობდით სხვადასხვა კონფერენციასა და ტრენინგში ევროპელ და ამერიკელ წამყვან სპეციალისტებთან ერთად… რამ განაპირობა გენშტალტთერაპიით ასეთი დიდი დაინტერესება?
– გეშტალტთერაპიისკენ ჩემი სვლა განწყობის ფსიქოლოგიით დაიწყო. გეშტალტთერპიას და განწყობის თეორიას ბევრი აქვს საერთო. ისე გამოვიდა, რომ ჩემი სწავლა-განათლების, სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის გზაზე გეშტალტს თანდათან ვუახლოვდებოდი.  ნაბიჯ-ნაბიჯ ვიხიბლებოდი მისი ფესვებით: ფსიქოანალიზით, გეშტალტფსიქოლოგიით, ველის თეორიით, ფენომენოლოგიითა და ეგზისტენციალიზმით, ჰუმანისტური ფსიქოლოგიით,  სხეულზე მუშაობის სპეციფიკით. მათ შორის, ჩემი პირველი სიყვარული ფსიქოანალიზი იყო: ზიგმუნდ ფროიდი, კარლ გუსტავ იუნგი, ალფრედ ადლერი, ფსიქო-სომატიკის „მამა“ ფრანც ალექსანდერი,  სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ფუძემდებელი ვილჰელმ რაიხი, ტრანზაქციული ანალიზის შემქმნელი ერიკ ბერნი.ამას მოყვა ეგზისტენციალიზმით ჩემი მონუსხვა. კარლ იასპერსის „გაოცებაში, დაეჭვებასა და დაკარგულობის გაცნობიერებაში“ საზრისის ძიებამ გამიკვლია გზა ფენომენოლოგიასა და ეგზისტენციალიზმისკენ. მიმიყვანა მარტინ ბუბერის, ირვინ იალომის, ვიქტორ ფრანკლის, როლო მეის, ჯეიმს ბუგენტალის იდეების ჭეშმარიტებასთან. გამამყარა რწმენაში, რომ ჩვენ ვართ ის, რასაც ვირჩევთ –  საკუთარი ცხოვრების ავტორები, თავისუფალი ნების მქონენი და გაკეთებულ არჩევანზე პასუხისმგებლები.

ჰუმანისტური ფსიქოლოგიამ და კარლ როჯერსის პიროვნებაზე ცენტრირებულმა მიდგომამ საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი არჩევანი, გეზი ამეღო ჰუმანისტურ-ეგზისტენციალური თერაპიული მეთოდების მიმართულებით და ასე დავფუძნდი გეშტალტთერაპიაში, რომელიც არა მხოლოდ სწრაფი და სიღრმისეული ცვლილებების გამომწვევი ფსიქოთერაპიული, თუ ფსიქოკონსულტირების მეთოდია, არამედ ეს არის მსოფლხედვა, რომელიც „მე“-ს გამთლიანებაზე, პიროვნული საზღვრების და შინაგანი საყრდენების გაძლიერებაზე, აქ და ახლა, გარემოსთან კონტაქტში, ბედნიერების განცდის გამოცდილებაში მიღებაზეა მიმართული.
– 2015 წელს, მეუღლესთან ერთად  გახდით კავკასიის რეგიონში პირველი, ევროპაში EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპევტები. ხოლო 2018 წელს მოგენიჭათ ევროპაში ყველაზე მაღალი, EAP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტის ცენზი.
შემდეგ  ინსტიტუციურ დონეზე მოიპოვეთ გამორჩეული სტატუსი: „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი“ საქართველო-კავკასიის მასშტაბით, პირველი ევროპული EAGT აკრედიტაციის მფლობელი გეშტალტთერაპიის სასწავლო ინსტიტუტი გახდა. როგორ შეაფასებთ თავად ამ წარმატებას?
– ფსიქოთერაპიის სწავლების ევროპული სტანდარტი ყველაზე მაღალი სტანდარტია თანამედროვე რეალობაში. „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტისთვის“ ევროპული EAGT აკრედიტაციის მინიჭება, მისი დიპლომების საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს, რაც იმას გულისხმობს, რომ ინსტიტუტის სასწავლო პროგრამა შეესაბამება ფსიქოთერაპიის სფეროში დადგენილ იმ საერთაშორისო მოთხოვნებს, რომელიც პროფესიული რეგულაციების განმსაზღვრელმა და მაკონტროლებელმა უმაღლესმა ინსტანციამ, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციამ (EAP), ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოსთან (WCP) კოორდინირებით განსაზღვრა და დაადგინა.
2019 წლის აგვისტოში, „საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში“ ვიზიტით იმყოფებოდა EAGT სპეციალური კომისია, რომლის შეფასების საფუძველზე, „საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტს“ ევროპული აკრედიტაცია მიენიჭა და ამით ჩვენი დიპლომების საერთაშორისო დონეზე აღიარება მოხდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტის“ კურსდამთავრებულები საერთაშორისო ცენზის მქონე სპეციალისტების კვალიფიკაციას იღებენ.

საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის საზაფხული რეზიდენს-ვორკშოპი ბუშეტში (კახეთი, ამონაშვილების რეზიდენცია, 2018 წელი)

 ჩვენს ქვეყანაში ბევრი სარგებლობს ფსიქოლოგიაფსიქოთერაპიის სფეროში რეგულაციების ჯერ არ არსებობით. ყოველგვარი სპეციალური ცოდნისა და განათლების გარეშე ჰქვიათ ფსიქოლოგი თუ ფსიქოთერაპევტი. როგორ უნდა ვიპოვოთ „ნამდვილი“ კომპეტენტური  სპეციალისტი?
– ვინაიდან ჩვენი სახელმწიფოებრივი გეზი ევროპაში ინტეგრაციაზეა მიმართული, ყველა პროფესიულ სფეროში უნდა შევესაბამებოდეთ ევროპულ სტანდარტებს. მათ, ვისაც დღეისთვის ევროპული აკრედიტაცია აქვს მიღებული, მათი პროფესიული კომპეტენცია ამ დოკუმენტით არის დადასტურებული.
 თქვენს მეუღლესთან თანაავტორობით დაწერეთ და გამოეცით წიგნი –გეშტალტთერაპიის თეორია და პრაქტიკა“.  რატომ არის მნიშვნელოვანი ამ წიგნის გამოცემა?
– ამ წიგნით, ჩვენ უკვე მეორე ორიგინალური ქართული სახელმძღვანელო შევიძინეთ: პირველი, დიმიტრი ნადირაშვილის „ეგზისტენციალური გეშტალტთერაპიაა“ (2007) და მეორე კი – ჩვენი თანაავტორობით გამოცემული „გეშტალტთერაპიის თეორია და პრაქტიკა“ (2018); აღსანიშნავია, რომ ამ სახელმძღვანელოებთან ერთად, ჩვენი ინსტიტუტის სტუდენტების განკარგულებაშია 4000-მდე ელექტრონულ წიგნი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, დამხმარე სახელმძღვანელოების სახით.
–  საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტისაღმასრულებელი დირექტორი, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლოსაკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი და „წმინდა ანდრიას უნივერსიტეტის“ პროფესორი ხართ. ამ ეტაპზე რას უთმობთ განსაკუთრებულ ყურადღებას და სამომავლოდ რა გეგმებს ისახავთ?
– პირველ რიგში, როგორც საქართველოს გეშტალტთერაპიის ეროვნული ინსტიტუტის მესვეურების, დიმიტრის და ჩემი ერთობლივი მთავარი მიზანია, ქართული გეშტალტთერაპიული სკოლის საერთაშორისო  პროფესიულ სივრცეში ინტეგრაცია.  დიმიტრის და მე, საავტორო ტრენინგებით და ვორკშოპებით რეგულარულად გვიწვევენ  ევროპულ ინსტიტუტებში. ამას გარდა, დიმიტრი აირჩიეს ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის კვლევის კომიტეტში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.
ახლა ერთად ვწერთ წიგნს, რომელსაც გამოვცემთ ჩვენი ინსტიტუტის ეგიდით, ინგლისურ და ქართულ ენებზე. ამ ნაშრომში განწყობის ფსიქოლოგია, თავისი თეორიითა და კვლევის მეთოდებით, ინტეგრირდება გეშტალტთერაპიაში, რასაც დიდი ინტერესით ელოდებიან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები.
– რას ურჩევდით მომავალ ფსიქოთერაპევტებს?
– ჩემი სურვილები მომავალი ფსიქოთერაპევტებისადმი ემთხვევა მკაფიოდ გაწერილ  EAP სასწავლო სტანდარტებს, რომელთა მიხედვით, მომავალმა ფსიქოთერაპევტმა, პირველ რიგში, თვითონ უნდა გაიაროს ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია, ამის შემდეგ უნდა დაიწყონ თეორია-მეთოდოლოგიის სწავლა და კურსის დასრულებისთვის შეუდგნენ სუპერვიზირებულ კლინიკურ პრაქტიკას, დაიცვან დიპლომი და გახდნენ ევროპული აკრედიტაციის მქონე სპეციალისტები.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი დღეისთვის მუსიკა, აუდიოწიგნები და კინოა.
 შვილები…
– უფროსი შვილი, ლუკა  ბიზნესის სფეროში მუშაობს და უკვე დაოჯახებულია, უმცროსი – სალომე ჯერ სკოლაში სწავლობს, მე-7 კლასში. თავისი პერსპექტივიდან გეგმავს ბაკალავრიატის დამთავრებას ფსიქოლოგიის განხრით და მაგისტრატურის გავლას ბიზნესში. ვნახოთ, რამდენად იქნება თავისი გეგმის განუხრელად შემსრულებელი.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ, ვფიქრობ  დიმიტრისთან ერთად კვლევითი კომპონენტის გააქტიურებას და სამეცნიერო შრომების გამოქვეყნებაში ჩემი პროფესიული რესურსის მობილიზებას. ფსიქოთერაპიაში, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე დავრჩები.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები