ლევან რატიანი: ჩემს ცხოვრებაში არასოდეს პაციენტის მიღებაზე უარი არ მითქვამს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღეა, ამის გაკეთება მიწევს

“ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, რაც ჩვენ ქვეყანაში ამ ეტაპზე ხდება”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მიდგომამ „სახლში დარჩი“ იმ ეტაპზე გაამართლა, ვინაიდან არ გვყავდა ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, შესაბამისად, ყველა ინფიცირებული საავადმყოფოში ხვდებოდა. მათზე ზედამხედველობას ექიმები ახორციელებდნენ. სულ ვამბობდი, მთავარია, საქართველოში არ დადგეს საკითხი, როცა ექიმმა ჰუმანურობა უნდა დაივიწყოს ან უნდა გადახედოს.

ჩურჩულით არასდროს ვლაპრაკობ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. ჩვენი სამედიცინო სტრუქტურა არ არის ისეთი, როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებშია. მიუხედავად ამისა, ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, რაც ჩვენ ქვეყანაში ამ ეტაპზე ინფექციის გავრცელების კუთხით ხდება.

როდესაც სასწრაფო მირეკავდა, ჩემს ცხოვრებაში არასოდეს პაციენტის მიღებაზე უარი არ მითქვამს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღეა, ამის გაკეთება მომიწია, ეს ექიმისთვის გულსატკენია. სიცოცხლე უნდა გადარჩეს და რაც შეიძლება ბევრი! ყველაფერს აქვს თავის რესურსი, მით უფრო, სამედიცინოს. ინფექციის გავრცელების წყვეტა რომ მოხდეს, ერთადერთი ჩვენს ქვეყანას აქვს ის, რომ დაიწყოს მკაცრი შეზღუდვა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები