ცესკო: სოცქსელში თამარ ჟვანიას ყალბი „ფეისბუქ“ გვერდი შეიქმნა, რაც წარმოადგენს იმ დამაზიანებელი კამპანიის შემადგენელ ნაწილს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ხორციელდება
“სოციალურ ქსელში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ყალბი “ფეისბუქ” გვერდი შეიქმნა, რომლითაც ყალბი ანგარიშის რეალური მფლობელები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ”, – ამის შესახებ განცხადებას ცესკო ავრცელებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყალბი ანგარიშის მფლობელები სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებს თამარ ჟვანიას სახელით წერენ.
“სოციალურ ქსელში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ყალბი “ფეისბუქ” გვერდი შეიქმნა, რომლითაც ყალბი ანგარიშის რეალური მფლობელები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ისინი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ ,,ფეისბუქზე,, გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებს თამარ ჟვანიას სახელით წერენ.
სოციალური ქსელების მომხმარებელთა შეცდომაში შესაყვანად ყალბი ანგარიში ცესკო-ს თავმჯდომარის სახელით, თამარ ჟვანიას ფოტოების გამოყენებით, რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. გვინდა, განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ფაქტი ცესკო-ს თავმჯდომარის სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენების მორიგი შემთხვევაა და წარმოადგენს იმ დამაზიანებელი კამპანიის შემადგენელ ნაწილს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ხორციელდება.
გვინდა მოვუწოდოთ სოციალური ქსელების მომხმარებლებს, არ შევიდნენ შეცდომაში და გაითვალისწინონ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს აქვს “ფეისბუქის” ოფიციალური, ვერიფიცირებული გვერდი, რომელსაც თან ერთვის შესაბამისი აღნიშვნა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.