სიმშვიდე და ვარჯიში – როგორ დაამარცხა ფსიქოლოგმა, თეა ცომაიამ Covid-19
Covid-19-ის პანდემიამ თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა და ყველა სფეროში შეაღწია. ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას ვირუსთან გამკლავებაში, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეხმარებოდნენ, თავად გახდნენ ინფიცირებულები და კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს ჩვენი საუკუნის მთავარი გამოწვევა – კორონავირუსი. გეშტალტთერაპევტი და ფსიქოლოგი თეა ცომაია ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ვირუსი წარმატებით დაამარცხა, ამიტომ განსაკუთრებით საინტერესო იქნება მისი ამბის მოსმენა. როგორც თავად ამბობს, ვირუსის დამარცხებაში ფსიქოლოგიური მზაობა, სიმშვიდე და ვარჯიში დაეხმარა. მეტიც, ინფიცირების პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა და ვირუსთან ერთად, მავნე ჩვევებიც დაძლია.
-ქალბატონო თეა, პირველ რიგში, მოგვიყევით, როგორ შეხვდით ამ სიახლეს, როდესაც კორონავირუსი დაგიდასტურდათ?
-როდესაც კორონავირუსით დავინფიცირდი, მე მის მისაღებად უკვე მზად ვიყავი. გარკვეული პერიოდით ადრე მოვიძიე მეტი ინფორმაცია, გავიგე, რომ ეს არ იყო განაჩენი და საბოლოოდ, ვირუსსაც მშვიდად შევხვდი. ვიცოდი, შეიძლებოდა, დავირუსებას ვერ ავცდენოდი და ჩემს გონებას მივაწოდე სიგნალი, რომ თუ ეს მოხდებოდა, სიმშვიდე უნდა შემენარჩუნებინა. მეტაფორულად რომ ვთქვა, ეს წინა მშობიარობის მოვლით ტკივილს ჰგავდა, რამაც გამაღვიძა. გავაცნობიერე, რომ პანიკას აზრი არ ჰქონდა და ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გადასატანი იყო. შესაბამისად, შევიქმენი მაქსიმალურად პოზიტიური განწყობა და მზაობა იმისა, რომ ყველაფერს გადავლახავდი, თითქოს, თვითგადარჩენის მექანიზმი უკვე ჩართული იყო და მზად ვიყავი, მედგრად გადამეტანა.
სხვათა შორის, ვირუსი ზუსტად მაშინ შემხვდა, როდესაც ის ჩემთან ახლოს მოვუშვი, როდესაც გონებაში დავუშვი, რომ შესაძლოა ეს დამმართნოდა, თუმცა ყველაფერს პანიკის გარეშე უნდა ჩაევლო. ეს იყო ბრძოლა ცნობიერსა და არაცნობიერს შორის.
-როგორ ჩაიარა უშუალოდ ვირუსთან გამკლავების პროცესმა?
-როგორც გითხარით, საკუთარ თავს ძალიან პოზიტიური განწყობა შევუქმენი. ცხადია, სამხიარულო არაფერი იყო, თუმცა სწორედ ეს აღმოჩნდა ჩემი თვითგადარჩენის მექანიზმი. რომ არა ჩემი განწყობა, სხვაგვარად ამ პროცესს ასე მარტივად ვერ გადავიტანდი. რთულია, როცა გეუბნებიან, რომ 12 დღე ერთ სივრცეში, 4 კედელში გამოკეტილმა უნდა გაატარო… უშუალოდ ჩემს მდგომარეობას ის ამძიმდებდა, რომ გული მიმდოდა, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება მომიწია და ე.წ. კოვიდსასტუმროში გადამიყვანეს.
ამ დროის განმავლობაში, მაქსიმალური შემართებით ვიყავი და მთელი ეს პროცესიც მე თავად გავხადე საინტერესო. დავიწყე მიმდინარე მოვლენებში დადებითი მხარეების აღმოჩენა და მადლიერების გრძნობის გამოკვეთა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ჩემდამი დიდი ყურადღება გამოხატეს, აღმოვჩნდი გულისხმიერი ექიმებისა და კარგი ადამიანის გარშემო, რომლებმაც იდეალური გარემო შემიქმნეს. კოვიდინფიცირებულისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა სწორედ მშვიდი გარემოა, რადგან ეს ინფექცია ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის გონებაზე. ამის თამამად თქმა შემიძლია, რადგან საკუთარ თავზე გამოვცადე.
-რას ურჩევდით დღეს მათ, ვინც ახლა გაიგეს, რომ კორონავირუსი აქვთ?
-თუ ადამიანი ამ ყველაფერს მისთვის საინტერესო პროცესად აქცევს და არ მიიღებს ისე, როგორც განაჩენს, მაშინ ყველაფერს დაძლევს. ცხადია, ძალიან მძიმე პაციენტებს არ ვგულისხმობ. მნიშვნელოვანია, გჯეროდეს, რომ შენ ამას შეძლებ. მე ვირუსის მარტივად დამარცხება სწორედ ფიქრით შევძელი. ჩვენს გონებას ხომ ფიქრით ვმართავთ… რა კოდსაც ჩავდებთ ჩვენს გონებაში, ისე წარვმართავთ არამარტო კორონავირუსთან ბრძოლის პროცესს, არამედ მთელ ცხოვრებას.
-ალბათ, ამ ბრძოლის ერთი ნაწილია ფსიქოლოგიური მზაობა, მეორე კი, ფიზიკური მდგომარეობა. ორივე ფაქტორი ერთმანეთს პირდაპირ უკავშირდება. რა როლის აქვს ამ ყველაფერში ფიზიკური აქტივობასა და ვარჯიშს? რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი გამოცდილებით?
-ფიზიკური აქტივობა კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობიდან გამოსასვლელად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. როდესაც ვიწექი, ბევრად სუსტად ვიყავი და გული მიმდიოდა. საკმარისი გახდა, საკუთარი თავისთვის მეთქვა – შენ ახლა ადგები და ფიზიკურ აქტივობაში ჩაერთვები-მეთქი, რომ იმდენად ჩავერთე, ბოლოს სავარჯიშოდ ჰანტელებიც მომიტანეს. მეუბნებოდნენ, თქვენნაირი კოვიდინფიცირებული არ გვინახავს, ყველას აქეთ გვამხიარულებთო.
-როგორც ჩანს, ეს ფსიქოლოგიურ-ფიზიკური ბრძოლაა…
-დიახ, რა თქმა უნდა. არცერთი წამით არ ავყოლილვარ პანიკას და ყველაფერი საკუთარ თავზე იუმორითა და ფიზიკური აქტივობით გადავიტანე. მქონდა ტელევიზორი, ვრთავდი მუსიკალურ არხს და ვვარჯიშობდი. ვისარგებლე ამ შესაძლებლობით და შექმნილ სიტუაციას კრეატიულად მოვერგე. ერთადერთი, იმას ვკითხულობდი, გული რატომ მიმდიოდა, მაგრამ სასოწარკვეთას ამ დროსაც არ ავუტანივარ.
-როგორი იყო თავად ვარჯიშის პროცესი, ფიზიკური დატვირთვა არ გაგიჭირდათ?
-პირველად, როცა ჰანტელი ზევით ავწიე, მივხვდი, რომ ეს სიმძიმე ფეხზე დგომაში დამეხმარა, რაც მანამდე მიჭირდა. უკვე წონასწორობას ვიცავდი და აღვიქვი, რომ ამაში სწორედ ჰანტელები მეხმარებოდა. ამან სიმშვიდე მომგვარა. როგორც კი გავიაზრე, რომ ფიზიკური აქტივობა უკეთ მხდიდა, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა. იცით, ეს ყველაფერი დეპრესიას ჰგავს – თუ დანებდები და ლოგინად ჩავარდები, არაფერი გამოვა, მაგრამ თუ შეებრძოლები, აუცილებლად დაამარცხებ. დილით ვდგებოდი, ფანჯრებს ვაღებდი, სუფთა ჰაერს ვსუნთქავდი და ვვარჯიშობდი. ამან იქ ყოფნა გამიხალისა. მეგობრები, რომლებიც მოსაკითხად მირეკავდნენ, გაოცებულები იყვნენ, ამ ყველაფრის თავი როგორ გაქვსო… მგონია, რომ მე Covid-19 მივიღე როგორც ერთი ურჩი არსება, რომელსაც წინააღმდეგობა კი არ გავუწიე, არამედ საკუთარი თავი გავაცანი. ჩემი პოზიტივითა და ფსიქოლოგიური მდგრადობით, ის დავაფრთხე და დავამარცხე.
-რას ფიქრობთ დღევანდელ პირობებში დარბაზში მისვლასა და ვარჯიშზე, იქ, სადაც ფიტნესით დასაკავებლად უფრო მეტი საშუალება და შესაბამისი გარემოა?
-რაც უფრო მეტად ჩავერთვებით ფიზიკურ აქტივობაში, მით უფრო დავეხმარებით ჩვენს თავს ვირუსის კვალის წაშლაში. ექიმების რეკომენდაციაც ეს არის – არ უნდა ვიწვეთ და ფიზიკურად დავიტვირთოთ. ასე რომ, მე სიამოვნებით ვივლიდი დარბაზში და ეს პროცესი ძალიან დამეხმარებოდა. ფიზიკური აქტივობა გავიწყებს პრობლემას და შედიხარ როლში, რომელიც მოგწონს. ამას უკვე ჯანსაღი ცხოვრება ჰქვია. ამ დროს ფორმაში დგები და როდესაც უყურებ საკუთარ თავს, რომელმაც ამდენი შეძლო, უფრო მეტი მოტივაცია გიჩნდება.
გარდა ამისა, მე გარკვეული მავნე ჩვევების დაძლევაც შევძელი და უარი ვთქვი თამბაქოსა და ყავაზე. ისე გამოვიდა, რომ კორონავირუსის გამო შემქნილი ვითარებით ვისარგებლე, თითქოს, ეს გახდა საბაბი, გამეკეთებინა ის, რაც ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ეს მომენტი დავიჭირე და ჩემს თავს ვუთხარი, რომ რახან ახლა მოწევა არ მსიამოვნებდა, საერთოდ აღარ უნდა მომეწია. ამასთან ერთად, ჩემი ნებისყოფაც გამოვცადე. მას შემდეგ, რაც ნებისყოფა ჩემი პრიორიტეტი გახდა, სრულად გამოვფხიზლდი და უფრო აქტიური გავხდი. ასევე, შევძელი ისეთი რამეები, რისთვისაც აქამდე დრო ვერ გამოვნახე: წავიკითხე წიგნები, რომელთა წაკითხვაც მინდოდა, ვნახე ფილმები, რომელთათვისაც ვერასდროს მოვიცალე. შემიძლია ვთქვა, რომ კოვიდინფიცირებისა და იზოლაციის პერიოდი, ექსპერიმენტული თვალსაზრისით, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო.
-ამ ფონზე, როდესაც ვარჯიში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ფიტნესქსელმა „ასპრიამ“ მათთვის, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, უფასო პროგრამა წამოიწყო, რომელიც სპეციალურ მსუბუქ და სუნთქვით ვარჯიშებს მოიცავს. პროგრამის ფარგლებში, ვირუსგადატანილი ადამიანები ღია სივრცეში, „ასპრიას“ ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ, 1 თვის განმავლობაში ივარჯიშებენ. თქვენ რას ფიქრობთ ასეთ წამოწყებებზე და მოახდენს თუ არა მსგავსი ტიპის ღონისძიებები დადებით გავლენას გამოჯანმრთელებული ადამიანების გაჯანსაღებაზე?
-კარგ ამინდში ღია სივრცეში მოხვედრა ისედაც სასიამოვნოა, მით უმეტეს, როცა ვარჯიშზე ვსაუბრობთ. თუ ეს დილით ხდება, ამ დროს ადამიანი უფრო მეტ ენერგეტიკულ მუხტს იღებს, შესაბამისად, ეს უკვე კარგია. კარგი იქნება, თუ ადამიანებს შეექმნებათ მშვიდი გარემო ღია სივრცეში სავარჯიშოდ. ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავს აქტივობებში ჩართვა კოვიდგადატანილი ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა. ეს კარგი იქნება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად დავიტვირთებით, არამედ ეს ხელს შეგვიწყობს პოსტტრავმული სტრესის გადალახვაშიც, რადგან ფიზიკური აქტივობა, ფსიქოლოგიური კუთხით, ყოველთვის დადებით როლს თამაშობს.