მამუკა მდინარაძე: წარმოუდგენელია, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს აქციით ხვდებიან, შეუძლებელია, სახელმწიფო დეპარტამენტს ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდეს აქ მიმდინარე მოვლენებზე
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთი ერთი წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ფონზე აქციის დაანონსება წარმოუდგენელია.
„როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი მოდის იმ ქვეყნებში, რომლებსაც შტატები თავის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევს, ეს უკვე ხაზგასმაა იმის, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ნატო-სთან, ევროკავშირთან და თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც ეს დღესაა.
შეიძლება სირცხვილის კორიდორის დონეზე ეს ვერ განვიხილოთ წარმოუდგენლობის კონტექსტში, მაგრამ ასევე წარმოუდგენელია, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს აქციით ხვდებიან. ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ძალიან კარგი ელჩი ჰყავს და შეუძლებელია, ამერიკის რომელიმე უწყებას, განსაკუთრებით სახელმწიფო დეპარტამენტს ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. დამატებითი აქციები და ამით თითქოს, ვიღაცას ხმა უნდა მიაწვდინონ, 2020 წელია და ეს მეთოდი ამით არ მართლდება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.
ამასთან, ოპოზიცია 18 ნოემბერს ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას გეგმავს.