ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დვალთის ეკლესიას რესტავრაცია უტარდება

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დვალთის დარბაზულ ეკლესიას უტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სარესტავრაციო პროცესის მორიგი ეტაპის მსვლელობისას, რომელსაც შპს „რკალი“ ასრულებს, ნაწილობრივ გაიწმინდა ძეგლის ტერიტორია ჩახერგილობისგან, მთავარ ნავზე შიგნიდან და გარედან მოიხსნა მორყეული წყობები და აღდგა საპირე წყობები ქვიშაქვის უხეშად დამუშავებული ქვებით, ინტერიერში მოეწყო ქარგილები საბჯენი თაღებისა და კამარის გადასაყვანად, მოეწყო საბჯენი თაღები სუფთად გათლილი ქვიშაქვით, მოეწყო კამარა, უხეშად დამუშავებული შერჩეული ქვით, მოეწყო მონტერეის თუნუქის სახურავი ლორფინის იმიტაციით.

სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით განხორციელებული ფიზიკური სამუშაოები ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მონიტორინგით წარიმართა.

დვალთის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს მდინარე ალგეთის ხეობაში მარჯვენა მხარეს ტყით დაბურულ შემაღლებულ კლდოვან ბორცვზე. მისასვლელი გზა სამანქანოა, მდინარის ნაპირიდან 3.5 კმზე. ხუროთმოძღვრული ძეგლი წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას, აღმოსავლეთიდან დასავლეთით წაგრძელებულ სწორკუთხედშია მოქცეული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, დარბაზული ნაწილი ერთ სივრცეშია მოქცეული.
ეკლესია ნაგებია კლდოვან ქანზე, წინასწარ მომზადებულ მოსწორებულ ადგილას. ძეგლს აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან დამრეცი ფერდი ესაზღვრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები