„საქართველოს სინფონიეტა“ 2020 წლის „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ ონლაინ გამართავს

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“,  2020 წლის 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, რიგით მეექვსე „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ გამართავს.
გლობალური პანდემიის გამო ფესტივალი ვირტუალურად, ონლაინრეჟიმში ჩატარდება.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.

როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა მუქერიამ აცნობა, ფესტივალს იტალიიდან ესტუმრება ქართველი პუბლიკისთვის უკვე კარგად ცნობილი, მსოფლიოში  აღიარებული მუსიკოსი, ფაგოტისტი სერჯო აცოლინი, რომელიც 20 ნოემბერს (18:30),  „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, ფესტივალს გახსნის და შესრულდება: ალბინონის, ვივალდის, ჯემინიანოსა და კატანეოს ნაწარმოებები. 25 ნოემბერს (19:00) კი თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი მსმენელს შესთავაზებს კონცერტს სახელწოდებით – „იტალიური კონცერტები“, სადაც სოლისტების რანგში ორკესტრის მუსიკოსები თავად წარდგებიან მსმენელების წინაშე და ვივალდის, კორელის, მარჩელოსა და ჰენდელის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

„ფესტივალის ფარგლებში აგრეთვე წარმოდგენილი იქნება ვირტუალური ლექციები და მსმენელს საშუალება ექნება, ონლაინრეჟიმში მოისმინონ: ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, ნოდარ ლადარიას (21 ნოემბერი, 19:00); მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დავით გიგინეიშვილისა (23 ნოემბერი, 19:00) და მხატვარ გია ბუღაძის (24 ნოემბერი, 19:00) საინტერესო საუბრები ბაროკოს ეპოქაში სხვადასხვა მიმდინარე პროცესების, მედიცინისა და მხატვრობის შესახებ.

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 22 ნოემბერს, 22:00 საათზე, წარმოადგენს მარიამ ალექსიძის შემეცნებით ვიდეოწარმოდგენას – „გიორგი ალექსიძის ნეობაროკო“, სადაც მოგვითხრობს გიორგი ალექსიძისეულ ცეკვის სტილზე – ნეობაროკო, ხოლო დასი წარმოადგენს გიორგი ალექსიძის  მიერ ბაროკოს პერიოდის კომპოზიტორების მუსიკაზე დადგმულ კომპოზიციებს.

ლექციების და შემეცნებითი ვიდეოწარმოდგენის ნახვა შესაძლებელი იქნება სოციალური მედიის საშუალებით: „საქართველოს სინფონიეტას“ და „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებზე.

საფესტივალო კონცერტების ნახვა შესაძლებელი იქნება სოციალური მედიის საშუალებით: „საქართველოს სინფონიეტას“; „თბილისის ბაროკო ფესტივალის“;  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და იტალიის საელჩოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებზე. აღსანიშნავია, რომ საფესტივალო კონცერტების ონლაინტრანსლაცია აგრეთვე განხორციელდება ტელეარხზე – „სილქ უნივერსალი““, – აღნიშნავს თეა მუქერია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები