გია ხუხაშვილი: მთავარია, ამერიკამ თქვას, საქართველოს “კრიშა” მე ვარო

“ვფიქრობ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს რეკომენდაცია შიდაპოლიტიკური კრიზისის შესახებ დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც აქამდე იყო – ისევ იქნება მოწოდება, რომ პრობლემები მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიჭრას”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.

მისივე თქმით, ამერიკას, რომელიც კავკასიაში დღემდე ფრთხილ და აუჩქარებელ პოლიტიკას აწარმოებდა, დღეს არაორდინარული, ქმედითი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად თუ არა, შესანარჩუნებლად მაინც.

“ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად დაარღვია რეგიონში ძალთა ბალანსი. აშკარაა, რომ რუსეთმა ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწია.

ამერიკას, რომელიც კავკასიაში დღემდე ფრთხილ და აუჩქარებელ პოლიტიკას აწარმოებდა, დღეს არაორდინარული, ქმედითი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად თუ არა, შესანარჩუნებლად მაინც. ქმედითი ნაბიჯი კი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. არის პრეცედენტები, როცა, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, პენტაგონის ეგიდით, სამხედრო კონტინგენტს დროებით განათავსებენ. თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ დაფიქსირდეს ამერიკის ინტერესი. კავკასიის რეგიონში ამ მანევრის ჩატარების შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს მხოლოდ საქართველოში აქვს. აზერბაიჯანსა და სომხეთს ახლოსაც ვერ გაეკარება ვერც დიპლომატიური და ვერც სხვა თვალსაზრისით. ასეთი მანევრი ჩვენთვისაც საინტერესოა, რადგან კავკასიაში გადანაწილების ახალ პროცესში ჩვენ ეფექტიანი უსაფრთხოების სისტემა გვჭირდება­ და დასავლეთის აქტიური მხარდაჭერის გარეშე შესაძლოა, ძალზე რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ.

მეც წინააღმდეგი ვარ, რომ რუსეთთან ბრძოლაში წინა ხაზზე დავდგეთ, მაგრამ თავი ხომ უნდა დავიცვათ?! დიახ, რუსეთი გაბრაზდება და სწორედ იმიტომ, რომ გაბრაზებულ რუსეთს ხელი ცუდად არ წაუცდეს, სწრაფი და ეფექტიანი მოქმედება გვმართებს.

პომპეოს პოლიტიკური მოღვაწ­ეობა სადაცაა დამთავრდება და დღევანდელი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს­ ძველებური ძალა აღარ აქვს. თუმცა, ამერიკის საგარეო ინტერესები მემკვიდრეობითია და ამა თუ იმ ადმინისტრაციაზე არ არის დამოკიდებული. საქმე ეხება ამერიკის, როგორც გლობალური მოთამაშის, გრძელვადიან ინტერესებს და არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, პომპეო წამსვლელია თუ მომსვლელი.

დასანანია, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას არათუ სახელმწიფო­ ინტერესების გააზრება, ერთმანეთთან დიალოგიც არ შეუძლია. ისევ გარედან თუ გვიკარნახებენ რაიმეს, თორემ ესენი­ არც რეგიონში მიმდინარე პროცესებს იმჩნევენ, არც – პანდემიას, მხოლოდ ორმხრივი მონოლოგით არიან დაკავებული, დიალ­ოგამდეც ვერ მიდიან. როდესაც­ ლაპარაკია უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ამერიკელებს­ ვგულისხმობ. ვფიქრობ, ისინი წარმოადგენენ საგზაო რუკას რეგიონული რისკების პრევენციისთვის. ჩვენი ხელისუფლება შესაძლოა, არ აღმოჩნდეს მზად ამერიკელებთან ერთად არაორდინარული და სწრაფი ნაბიჯის გადასადგმელად. შესაძლოა, დასავლეთსა და ამერიკას ძალიანაც უნდათ  თავიანთ ქოლგაში შეგვიყვანონ ამ ძალიან სარისკო პერიოდში, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს ხელისუფლებას სხვა მოსაზრებები ჰქონდეს “არ გავა­ღიზიანოთ რუსეთი” ისტორიიდან­. სამწუხაროდ, “არ გავაღიზიანოთ” პოლიტიკა ხშირად კაპიტულანტურ ნიშნებს შეიცავს…”, – აცხადებს ხუხაშვილი.

კითხვაზე – “აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე­, ახრა ავიძბა აცხადებს, რომ აფხაზეთის მთავრობამ დროულად უნდა გაუხსნას დერეფანი მთიანი ყარაბაღიდან წამოსულ დევნილებს. ამასთან, რუსულ და სომხურ მედიაში­ ვრც­ელდება თეორიები, რომ შესაძლოა, რუსეთმა­ სომხებს კომპენსაციად აფხ­აზეთი შესთავაზოს”, ექსპერტი პასუხობს: “ეს ერთადერთი თეორია არ არის. ბევრად უარესი და რეალისტური ვერსიებიც არსებობს. უბრალოდ, ამაზე საჯარო საუბრისგან თავს შევიკავებ. თუმცა, არსებობს რისკი, რომ რეგიონულმა მოთამაშეებმა დიდი გადანაწილება დაიწყონ. ვერ გამოგყვებით ამ საუბარში, ძალიან ფაქიზი თემაა. თუმცა, რისკები არის და ხელისუფლება ამაზე უნდა ფიქრობდეს.

სასწრაფოდ გვჭირდება ამერიკული სამხედრო ინტერესის ფიქსაცია, რათა რუსეთმა ასეთი სცენარების გათამაშება ვერ შეძლოს. ალბათ, ყურადღებას მიაქცევდით აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაურის – ბენ ჰოჯესის ინტერვიუს – ის ამბობს, რომ ყარაბაღში რუსული ძალები უფრო ოკუპანტები არიან, ვიდრე სამშვიდობოები, რომ სომხეთში, საქართველოს ტერიტორიის ახლოს, რუსული ბაზების მნიშვნელობა უფრო გაიზარდა, რასაც საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, მათ შორის, აშშ-მა ყურადღება უნდა მიაქციონ. ამიტომ ვამბობ, რომ ამერიკელების იმედი მაქვს.​ ჰოჯენსი პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკამ საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურა უნდა გაზარდოს, განსაკუთრებით როტაციული ძალებისა და სტრატეგიული ავიაგადაზიდვების მხარდასაჭერად. მნიშვნელობა არა აქვს, რა მიმართულებით გაზრდის სამხედრო მხარდაჭერას, მთავარია, თქვას, საქართველოს “კრიშა” მე ვარო.

ჩვენთვის საყურადღებოა ამ შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ნახჭევანთან გზის გაჭრას ეხება. ეს ჩვენ ძალიან დაგვაზარალებს. მოგეხსენებათ, საქართველო გეოპოლიტიკურად სატრანზიტო ფუნქციის მატარებელია. ევროპისკენ ტრანზიტს თავი რომ დავანებოთ, თვითონ თურქეთ-აზერბაიჯანის ინტეგრაციის ხარისხია ძალიან მაღალი. ჩვენ ვიყავით ამ ინტეგრაციის უალტერნატივო კომუნიკაციის წყარო. თუ ნახჭევანის გავლით თურქეთზე პირდაპირი გზა გაიჭრა, ჩვენ თამაშგარე აღმოვჩნდებით”.

კითხვაზე, “როგორ გგონიათ, პომპეოს ვიზიტისას განხილვის საგანი იქნება თუ არა შიდაპოლიტიკური ვითარება?”, ხუხაშვილი პასუხობს: “ალბათ, იქნება, მაგრამ არ მგონია,­ რომელიმე მხარის, ხელისუფლების ან ოპოზიციის მოლოდინი გამართლდეს. ვფიქრობ, პომპეოს რეკომენდაცია შიდაპოლიტიკური კრიზისის შესახებ დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც აქამდე იყო – ისევ იქნება მოწოდება, რომ პრობლემები მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიჭრას”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები