ნათელაშვილი – ჩვენი თავისთვის რომ გვინდოდეს ეს ცხოვრება და პოლიტიკა, აგერ, ბატონო თბილი კაბინეტები, ჯიპები, 24 საათიანი მომსახურება – არ გვინდა!

ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ერთიანი, დემოკრატიული, ფეხზე მყარად შემდგარი საქართველოს მშენებლობას და ეს ძალიან მალე მოხდება, – ასე, „ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა რუსთაველზე აქციის მონაწილეებს მიმართა.

„ჩვენი თავისთვის რომ გვინდოდეს ეს ცხოვრება და პოლიტიკა, აგერ, ბატონო თბილი კაბინეტები, ჯიპები, 24 საათიანი მომსახურება, შევიდოდნენ პარტიები, ხომ?! არ შევდივართ. არ შევდივართ იმიტომ, რომ გვინდა, ჩვენს ხალხს ჰქონდეს ნამდვილი დამოუკიდებლობა, ნამდვილი არჩევნები, ნამდვილი მათზე მზრუნველი მთავრობა, ნამდვილი ბიზნესსაქმიანობის უფლება, ღირსეული პენსიები, მაღალი ხელფასები, სამუშაო ადგილები, კარგი განათლება, კარგი მედიცინა.

ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ერთიანი, დემოკრატიული, ფეხზე მყარად შემდგარი საქართველოს მშენებლობას და ეს ძალიან მალე მოხდება, ეს მოხდება რამდენიმე დღეში. კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, რომლებმაც სწორად გაიაზრეს ისტორიის მოთხოვნა მათ წინაშე და უარს ამბობენ შეურთდნენ, დანაშაულებრივ ე.წ. პარლამენტს. სწორედაც, თუ სამშობლოსგან გავიწირებით, თუ ხალხისგან გავიწირებით, რა ჯანდაბად გვინდა პარლამენტი, მინისტრობა, ცხოვრება ან ქონება, მეტი რა უნდა მივიღოთ, იმაზე მეტი, ვიდრე თქვენი ტაშია, თქვენი სითბოა, თქვენი თვალებია, ამიტომ ჩვენ მზად ვართ თავგანწირვისთვის, ოღონდ თქვენ იყოთ კარგად, ოღონდ ჩვენი ქვეყანა წამოდგეს ფეხზე, გენაცვალეთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები