13 ნოემბერი გიგო ზაზიაშვილის დაბადების დღეა
13 ნოემბერი გიორგი ზაზიაშვილის დაბადების დღეა. ფერმწერი და თვითნასწავლი მხატვარი დაიბადა 1868 წლის 13 ნოემბერს.
სპეციალური განათლება არ მიუღია. მჭიდრო კავშირი ჰქონდა XX საუკუნის დამდეგის რეალისტ მხატვრებთან. ქართული რეალისტური ფერწერის წამყვანი მოტივები მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია. განიცდიდა გიგო გაბაშვილის გავლენას. მუშაობდა როგორც პორტრეტის, ისე ჟანრული ფერწერის დარგში. შექმნა ქართველი კულტურის მოღვაწეთა პორტრეტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გიორგი ზაზიაშვილის მიერ შესრულებული ზაქარია ჭიჭინაძე (1909); იოსებ იმედაშვილი (1910) და სხვ.
ჟანრული სურათებიდან საინტერესოა „დევრიში” (1911), „ღვინის გამყიდველი” (1912), „ებრაელი” (1919), „მეწისქვილე” (1915) და სხვ.
მოხატა ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. გიორგი ზაზიაშვილის ნახატების გამოფენა მოეწყო თბილისში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმში. მისი ყველა ნამუშევარი ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.