პენიტენციურ სისტემაში covid-19-ის ეფექტური გამკლავებისთვის საქართველო ევროპის საბჭოს წარმატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა
ევროპულ ქვეყნებში covid-19-ის გავლენაზე პენიტენციური დაწესებულებების პოპულაციაზე ევროპის საბჭომ ორი ანგარიში გამოაქვეყნა.
ერთი ანგარიში შეეხება პატიმრებსა და ციხეებს ევროპაში პანდემიის პერიოდში covid-19-ის მოკლევადიანი გავლენის შეფასება ციხეების პოპულაციაზე, რომელიც მოიცავს 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 15 აპრილამდე პერიოდს.
ანგარიშში საქართველო მოხსენიებულია იმ ქვეყნებს შორის, სადაც სისტემაში covid-19 ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს ქვეყნებია: ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, მალტა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სან მარინო.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, მეორე ანგარიში შეეხება პატიმრებსა და ციხეებს ევროპაში პანდემიის პერიოდში covid-19-ის საშუალოვადიანი გავლენის შეფასებას ციხეების პოპულაციაზე, რომელიც 2020 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.
მოცემულ კვლევაშიც საქართველო სტაბილური ქვეყნების რიგებშია და ისეთი ქვეყნების გვერდით ინარჩუნებს ადგილს, როგორიცაა ავსტრია, ჩეხეთი, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მალტა, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.
ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს ანგარიშების ბოლო საანგარიშო პერიოდიდან (2020 წლის 15 სექტემბერი) თითქმის ორი თვეა გასული და პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის შესაძლო შეღწევის წინააღმდეგ 2020 წლის მარტის დასაწყისიდან პენიტენციური სისტემის მიერ გატარებული კომპლექსური პრევენციული ზომების შედეგად, საქართველოს პენიტენციური სისტემა კვლავ წარმატებით ართმევს თავს covid-19-თან ბრძოლას.