Washington Post: ჰილარი კლინტონი ჯო ბაიდენის კაბინეტში შესაძლოა, გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გახდეს
აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს შესაძლოა, შესთავაზონ გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა.
ამის შესახებ Washington Post-ი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შტაბში წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც აღინიშნება, მსგავსი გადაწყვეტილების მიღების მომხრეები თვლიან, რომ კლინტონის დანიშვნა ახალ ადმინისტრაციაში ამ თანამდებობის მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს, ასევე, თვითონ გაერო-ს ავტორიტეტის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
ჰილარი კლინტონი აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა. 2016 წლის არჩევნებში ის საპრეზიდენტო მარათონის ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა, ბოლო მომენტში გამარჯვება დონალდ ტრამპმა მოიპოვა.