ივანე ბურდული – სკანდალურ აუდიოჩანაწერზე: ჩანაწერი გაყალბებულია, ვფიქრობ, ეს ცესკო-დან ჩემს წასვლას უკავშირდება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარი, ცესკო-ს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი სპეციალისტი, ივანე ბურდული მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ “კვირას” მიერ მესამე პირისგან მოპოვებული აუდიოჩანაწერი გაყალბებულია.
ბურდულის განცხადებით, მას ხატია ფერსაშვილთან მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობები ჰქონდა და მსგავს საკითხებზე არასდროს უსაუბრია.
„მსგავსი ტიპის არანაირი შეხვედრა არ მომხდარა. გვქონდა ჩვეულებრივი, სამსახურებრივი ურთიერთობები. ეს ჩემი ხმა არაა, ამას ცალსახად ვადასტურებ. არ ვიცი, როგორ ხდება ხმის გაყალბება, მაგრამ ასეთი საუბარი არ მომხდარა. ჩემი და დიმიტრი შაშკინის მეგობრობას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემი აზრით, ეს ცესკო-დან ჩემს წასვლას უკავშირდება“, – აცხადებს ბურდული.
ცნობისთვის, “კვირამ” ექსკლუზიურად მესამე პირისაგან მოიპოვა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ცესკო-დან დემარშით წასული, ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრის, დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარი, ივანე ბურდული მისსავე თანამშრომლისგან, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან მისი ნაბიჯის გამეორებას ითხოვს. ბურდული ქრთამის შეთავაზების სანაცვლოდ ხატია ფერსაშვილს სთავაზობს, რომ დატოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და გააკეთოს მადისკრედიტებელი განცხადებები. გთავაზობთ სრულ აუდიოჩანაწერსა და ჩანაწერის გაშიფრულ ტექსტს.
“კვირას” ჩანაწერი ავთენტურია და მედიაჰოლდინგი, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.