სერგი კაპანაძე: საუბარი იმაზე, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტი ხელისუფლების მხარდაჭერა და გაყალბებული არჩევნების აღიარებაა, ტყუილია
“სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, მათ შორის მოიცავს იმ თემებსაც, რაც დღეს არის პრობლემატური და კრიზისული საქართველოში, ანუ გაყალბებული არჩევნები”, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტს, რომელიც 17-18 ნოემბერს შედგება.
მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელისუფლების მხარდაჭერაა, ტყუილია.
„რაც შეეხება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტს, ბუნებრივია, ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი არის ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ჩვენ სრულ კომუნიკაციაში ვართ სახელმწიფო დეპარტამენტთან, საელჩოსთან, ამერიკელ პარტნიორებთან და ყველა ინფორმაციას ვაწვდით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, მათ შორის, მოიცავს იმ თემებსაც, რაც დღეს არის პრობლემატური და კრიზისული საქართველოში, ანუ გაყალბებული არჩევნები. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ეს არის ხელისუფლების მხარდაჭერა და გაყალბებული არჩევნების აღიარება, თუ ეგ კონვერტაცია აქვს ,,ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, უბრალოდ ტყუილია. ეს არის ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც საინტერესოა ამერიკისთვის, რომელიც ამერიკის პარტნიორი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც აქამდე ბევრჯერ გაუკეთებია, როდესაც თავის განცხადებებში დაუდასტურებია თავისი ერთგულება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისადმი, დაუდასტურებია თავისი ინტერესი საქართველოში დემოკრატიისადმი, ამის გაგრძელებას სწორედ ეს ვიზიტი“, – განაცხადა კაპანაძემ.